1-ლი თებერვლის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ, შემდეგ კი, დასკვნასთან ერთად, უგზავნიან ბიუროს, რომელმაც, პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის, პარლამენტში გასამართი სხდომის თარიღი უნდა განსაზღვროს.
მთავრობის დასამტკიცებლად, საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის, ანუ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს, ნდობის გამოცხადებისთვის, 2-კვირიანი ვადა აქვს, ახალი მთავრობა ქვეყანას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში უკვე ეყოლება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკომიტეტო ჭრილში მოხდება ახალი პრემიერობის კანდიდატის მოსმენა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის განხილვა, შემდეგ გაიმართება კენჭისყრაც.
“საკომიტეტო ჭრილში უნდა იყოს მოსმენილი პრემიერობის კანდიდატი და უნდა განიხილოს მის მიერ შერჩეული მთავრობის შემადგენლობა. ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებთან მოხდება შესაბამისი საპარლამენტო პროცესი, ხოლო შემდგომ, ეს გადაინაცვლებს სასესიო დარბაზში, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. იქ მოხდება კენჭისყრა, 76 ხმა არის ის კვორუმი, რომლითაც მოხდება მხარდაჭერა ახალი მინისტრთა კაბინეტის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.