ტრამპის თქმით, ირანთან ომში “მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა”

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიGetty Imagesაშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს, რომ ამერიკა “ძალიან ახლოსაა მიზნების მიღწევასთან,” რის ფონზეც მისი ადმინისტრაცია “ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში მობილიზებული დიდძალი სამხედრო ძალისხმევის შემცირებას განიხილავს”.
ტრამპი წერს, რომ მიზნებს შორისაა ირანის “სარაკეტო შესაძლებლობების სრული დეგრადირება; ირანის თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის მოსპობა და მათი საზღვაო და საჰაერო ძალების, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის, განადგურება.”
ამასთანავე, ტრამპის თქმით, მეოთხე მიზანია, რომ, ერთი მხრივ, ირანმა ვერასდროს მოახერხოს ბირთვული შესაძლებლობების მოპოვებასთან დაახლოებაც კი და, მეორე მხრივ, ყოველთვის იყოს მზად, რომ რეაგირება შეძლოს მსგავს სიტუაციაში, “თუკი ეს მოხდება.”
ბოლოს ტრამპი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს მიზანი უმაღლეს დონეზე ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების დაცვაა, რომელთა შორისაც ტრამპი ისრაელს, საუდის არაბეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ქუვეითსა და სხვებს ასახელებს.
“აუცილებელი იქნება, საჭიროებისამებრ, ჰორმუზის სრუტის დაცვა და პატრულირება სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც მას იყენებენ – აშშ არ იყენებს მას! თუკი გვთხოვენ, ჩვენ ამ ქვეყნებს დავეხმარებით ჰორმუზის სრუტის ძალისხმევაში, მაგრამ ეს საჭირო აღარ იქნება ირანული საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ. უფრო მნიშვნელოვნად, ეს მათთვის მარტივი სამხედრო ოპერაცია იქნება.” – ამატებს ტრამპი.