შეერთებული შტატები იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს, მაგრამ მასშტაბური ომი არ სურს.
30 იანვარს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხებენ თავდასხმას. ბაიდენს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი ომი.
შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა თავდასხმაზე პასუხისმგებლად ირანს, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ირანს პასუხისმგებლობას აკისრებს იმ თვალსაზრისით, რომ იარაღს აწვდის მათ, ვინც ეს გააკეთა.
მოგვიანებით, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ მედიას განუცხადა, რომ იორდანიაში ამერიკელებზე თავდასხმაზე პასუხი შესაძლოა, მრავალდონიანი იყოს და არა ერთ კონკრეტულ, არამედ რამდენიმე ქმედებას მოიცავდეს.
28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა შეერთებული შტატების მოკავშირე იორდანიაში, სირიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე ბაზაზე. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პასუხისმგებლობა დააკისრეს ირანის მხარდაჭერით მოქმედ დაჯგუფებებს და ადეკვატური ზომებით დაემუქრნენ. თეირანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო. დასავლეთის მედია წერდა, რომ დრონით დარტყმაზე პასუხისმგებლობა აიღო შიიტურმა მოძრაობამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“, რომელიც სხვადასხვა დაჯგუფებას აერთიანებს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ერაყში მოქმედმა ერთ-ერთმა პროირანულმა დაჯგუფებამ „კატაიბ ჰეზბოლამ“ 30 იანვარს განაცხადა, რომ შეაჩერებს საბრძოლო ოპერაციებს „საოკუპაციო ძალების“ წინააღმდეგ, რათა სირთულეები არ შეუქმნას ერაყის მთავრობას. დაჯგუფება საოკუპაციო ძალებს უწოდებს ამერიკულ კონტინგენტს.
სააგენტო Reuters-ს ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობა, რომ „კატაიბ ჰეზბოლამ“ გადაწყვეტილება მიიღო ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ერაყის მთავრობამ აწარმოა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან და ერაყში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.
ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები გახშირდა 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა თავდასხმების პასუხად არაერთი ოპერაცია ჩაატარა.
ერაყსა და სირიაში იმყოფება რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო. ისინი საერთაშორისო კოალიციის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ პარტნიორებს ეხმარებიან ბრძოლაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.