იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

უღრმეს სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარხსენებული მწყემსმთავარის, -ის უფლისმიერ მიცვალების გამო. იგი იყო რწმენის, სათნოების, განათლებისა და ქრისტესმიერი ურყევი რწმენის ადამიანი, – ამის შესახებ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, უნეტარესი თეოფილე III ილია მეორის დაკრძალვაზე პირადად დასწრებას ვერ მოახერხებს.

„მის ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს,ჩვენს უფლისმიერ საყვარელ ძმასა და თანამწირველს,გეამბორებით ქრისტესმიერი ამბორით,

წინამდებარე საპატრიარქო წერილით უღრმეს სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარხსენებული მწყემსმთავრის, -ის უფლისმიერ მიცვალების გამო. იგი იყო რწმენის, სათნოების, განათლებისა და ქრისტესმიერი ურყევი რწმენის ადამიანი.

ეკლესია, თუმცა გლოვობს ადამიანურად, სულიერად მაინც ხარობს აღდგომის სასოებით, როგორც ამას მოციქული ადასტურებს: „რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისანი ვართ; გინა თუ მოვკვდებით, უფლისანივე ვართ“ (რომ. 14,8) და „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი… რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი მათ, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ (I თეს. 4,13).

ჩვენი უფლისმიერ განსვენებული საყვარელი ძმა იყო ღვთის საიდუმლოთა ერთგული განმგებელი (I კორ. 4,1) და იქცა თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ. მასზე მინდობილ ეკლესიის სამრევლოს ემსახურებოდა სიბრძნით, სიმშვიდითა და მამობრივი მზრუნველობით, რითაც იქცა კეთილი მწყემსის ნიმუშად, უფლის სიტყვისამებრ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (ინ. 10,11).

მან კეთილგონივრული მოთმინებით განასრულა სიცოცხლე „სიბერესა კეთილსა, მოხუცებული და სავსე დღეთაგან“ (დაბ. 25,8) და მოწოდებულ იქნა უფლის მიერ საუკუნო სასუფეველში, სადაც მას მოელის ,,სიმართლისა იგი გჳრგჳნი, … უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მას, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“ (II ტიმ. 4,8).

ამ ჟამს წმინდა სიონი, დედა ეკლესიათა, ძმური სიყვარულითა და ლოცვით თანაუგრძნობს თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას და საქართველოს ეკლესიის მთელ ღვთისმსახურ მრევლს. ვევედრებით მშვიდობის ღმერთს, „რომელიც აძლევს მშვიდობას შორიელთა და ახლობელთა“ (ეს. 57,19; ეფეს. 2,17), რათა განგამტკიცოთ და ნუგეშინისცეს ყველას გულს.

ჩვენს რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს, ანთედონოსის ყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოს ნექტარიოსს, კონსტანტინოპოლში ჩვენს საპატრიარქო ეპიტროპოსს.

ყოველივე ამასთან ერთად, კვლავინდებურად ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, წმინდა სინოდის პატივცემულ წევრებსა და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მთელ კრებულს. წმინდა და ცხოველმყოფელი საფლავიდან გიძღვნით წმინდა ამბორს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.