ივანიშვილს არასოდეს სურდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში – რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასოდეს ნდომებია.ამის შესახებ მან ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს „მიტაცებული“, როგორც ეს, სამწუხაროდ, მოხდა. იცით, ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს არასოდეს სურდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი არჩევნებიდან, როდესაც მისმა პარტიამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ დაბრუნდა ის რუსეთიდან იქ ნაშოვნი მილიარდებით, რათა შეეცვალა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. მისი და რუსეთის, კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა: სახელმწიფო მიტაცება და ავტოკრატიული მმართველობა — ისეთი, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს ნამდვილად არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, ასევე კრემლის წარმატებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.ის და მისი პარტია მანიპულირებდნენ ქართველი ერით და საჯაროდ აცხადებდნენ, თითქოს ის და მისი პარტია ევროკავშირის მომხრეა. თუმცა, პრაქტიკულად, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ საპირისპირო მიმართულებით წასასვლელად. სხვათა შორის, ისინი ძალიან კარგად მანიპულირებდნენ აქაც: ევროპარლამენტში, კომისიაში, ყველგან. მისი ხალხი, როდესაც აქ ჩამოდიოდა, ასევე მანიპულირებდა.ასე რომ, ევროკავშირის პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებამდე — ეცადა ეთანამშრომლა „ქართულ ოცნებასთან“ — შესაძლოა აუცილებელი იყო, მაგრამ, როგორც ახლა ვხედავთ, შეცდომა აღმოჩნდა. ზუსტად ისევე, როგორც შეცდომა იყო პუტინთან მიმართებით 2022 წლამდე. თუმცა კარგია, რომ ახლა ევროკომისია ხედავს რეალურ ვითარებას.ეს ასახულია პროგრესის ანგარიშში. კომისიის 2025 წლის ანგარიშში საქართველო აღწერილია, როგორც კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდად მომზადებული, სამწუხაროდ. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც იქ მოხდა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებს აქვს იმის ძალა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვალოს, განსაკუთრებით კი სანქციების დაწესების კუთხით.„ამიტომ, ბევრი კრიტიკა მაქვს წევრი სახელმწიფოების მიმართაც, განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი ქვეყნების მიმართ — მათ აქვთ საკმარისი ძალა ამის შესაცვლელად. ვგულისხმობ პოლიტიკას, ევროკავშირის პოლიტიკას. ეს საკითხი უკვე დადგა ამ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე. ეს კარგი გზავნილია. შესაძლოა, ველოდე გარკვეულ შედეგებს, სულ მცირე, დამოკიდებულების შეცვლას და, სავარაუდოდ, სანქციების დაწესებას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პასუხისმგებელია. ყველაფერი აისახება ჩვენს ანგარიშში.ჩვენ ახლახან დავიწყეთ მასზე მუშაობა. ახლა შესწორებების შეტანის დროა. დოკუმენტი წარდგენილი იქნა საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) და ჩვენ იქ ყველაფერს ასახავთ, რაც შეგვიძლია რეალური ვითარების შესახებ. მაგრამ რა დაეხმარება ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის, რომ არ იქნას დავიწყებული? ამ საკითხის დღის წესრიგში დატოვება ძალიან სასარგებლოა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.