ომში იყვნენ თუ “ენფილდზე” – ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა

„გალათასარაი“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში 0:4 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და თანაც, ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.
თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო, შესვენებაზე შეცვალეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარჯვენა  წინამხრის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს, თაბაშირი დაადეს და ოპერაციის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას დამატებითი გამოკვლევის შემდეგ მიიღებენ.
ნახევარმცველი ნოა ლანგი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, მე-80 წუთზე სარეკლამო ბანერს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას მარჯვენა ცერა თითის სერიოზული ჭრილობა აქვს (ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითის ნაწილი დაკარგა). ნიდერლანდელს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.
კომენტარი „გალათასარაის“ მწვრთნელმა ოკან ბურუკმა გააკეთა: „კონატე მუდმივად ეუხეშებოდა ოსიმენს. მსოფლიოს საუკეთესო მსაჯს ველოდებოდით და ყველაზე უარესი მივიღეთ. მეტოქე ჩვენზე გაცილებით უკეთ თამაშობდა. თვითდაჯერება დავკარგეთ. ჩვენი გულშემატკივრები უფრო გაბედულ გუნდს ელოდნენ. ტრავმები, ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებები… ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
შედეგზე ოსიმენის ტრავმამ იმოქმედა, რაც ფსოქოლოგიურად გარდამტეხი მომენტი გამოდგა. ხელი სტკიოდა და 100%-ით სათამაშოდ მზად არ იყო. მეორე გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. მოწინააღმდეგე უფრო მოტივირებული გახლდათ. „ლივერპულს“ გამარჯვებას ვულოცავ. ეს ჩვენთვის ასეთ დონეზე ასპარეზობის პირველი გამოცდილებაა. ქომაგებს ბოდიშს ვუხდი“.
შეგახსენებთ, წაგების შემთხვევაში “ლივერპულის” მწვრთნელს, არნე სლოტს გადაყენებას უპირებდნენ. მეოთხვედფინალში მერსისაიდული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.