აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა კატარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ირანის იერიშებთან დაკავშირებით და დაიმუქრა, რომ თუკი კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანაზე მორიგი თავდასხმა მოხდება, აშშ ირანის სამხრეთ პარსის ბუნებრივ ინფრასტრუქტურაზე “მასშტაბურ იერიშს” მიიტანს.
პოსტის პირველ ნაწილში პრეზიდენტმა ტრამპმა განმარტა, რომ ირანის სამხრეთ პარსის საწარმოზე ისრაელის იერიშთან დაკავშირებით აშშ-მ არაფერი იცოდა, ხოლო კატარი არანაირად არ იყო ჩართული ამ თავდასხმაში. ამიტომ, ტრამპი კატარის ენერგეტიკულ ჰაბზე თავდასხმას “გაუმართლებელს” უწოდებს.
“ისრაელმა, იმის გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, სასტიკად გაუსწორდა ირანში სამხრეთ პარსის გაზის საბადოდ ცნობილ დაწესებულებას. მთლიანი დაწესებულების შედარებით პატარა სექციას დაარტყეს.” – წერს ტრამპი და განმარტავს, რომ “აშშ-მ არაფერი იცოდა ამ კონკრეტული იერიშის შესახებ და კატარის სახელმწიფო არანაირად არ ყოფილა ჩართული მასში და არც ის იცოდა, რომ ეს იგეგმებოდა.”
ტრამპის თქმით, ირანმა, “სამწუხაროდ,” არ იცოდა ეს ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტი სამხრეთ პარსზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რის გამოც თეირანი, აშშ-ს პრეზიდენტის მიხედვით, “უსამართლოდ და გაუმართლებლად” დაესხა თავს კატარის ბუნებრივი თხევადი აირის ქარხანას.
“ისრაელის მხრიდან მეტი თავდასხმა აღარ იქნება ამ უკიდურესად მნიშვნელოვან და ღირებულ სამხრეთ ფარსის საბადოზე, თუ ირანი დაუფიქრებლად არ გადაწყვეტს ძალზე უდანაშაულო კატარზე თავდასხმას, რა შემთხვევაშიც აშშ, ისრაელის თანხმობის ან დახმარების მიუხედავად, მასობრივად გაანადგურებს სამხრეთ პარსის გაზის მთლიან საბადოს, იმგვარი ძალით, რომელიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს.” – წერს ტრამპი.
“არ მინდა ამ დონის ძალადობასა და ნგრევაზე ბრძანების გაცემა იმ გრძელვადიანი შედეგების გამო, რაც ამას ირანის მომავალზე ექნება, მაგრამ თუკი კატარის თხევად ბუნებრივ აირზე თავდასხმა კვლავ მოხდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას.” – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე კატარის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულმა კომპანია QatarEnergy-მ განაცხადა, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში ირანმა ორჯერ მიიტანა სარაკეტო იერიში ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ ჰაბზე, რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქზე, რომელიც კატარის ეკონომიკის საყრდენსა და მსოფლიოში ყველაზე დიდ გათხევადების საწარმოს წარმოადგენს.
ბოლო 12 საათში ირანი ორჯერ დაესხა თავს კატარის თხევადი გაზის უდიდეს საწარმოს
რას ლაფანი კატარის დედაქალაქ დოჰადან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხუთშაბათს კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ობიექტზე ირანმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მეორედ მიიტანა, რამაც QatarEnergy-ს განცხადებით, “საკმაოდ დიდი ხანძრები და დამატებით მასშტაბური ზიანი” გამოიწვია.
რას ლაფანზე ირანის იერიშების შემდეგ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საელჩოს სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, ასევე მისი თანამშრომლები, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა.
თხევადი გაზის საწარმოზე იერიშების გამო კატარმა ირანელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა