„ჯივიპი“ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, „ჯივიპიმ“ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ქალაქ რუსთავის მერს 2024 წლის საინვესტიციო გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯივიპი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2024 წელს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას მოხმარდება, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით „ჯივიპის“ მიერ 2023 წლიდან დაგეგმილი და განხორციელებული მასშტაბური სამუშაოები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
“დღეს სემეკში გამართული შეხვედრა ორ ძირითად საკითხს მოიცავდა. შევაჯამეთ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და წარვადგინეთ მიმდინარე წლის საინვესტიციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც ქალაქ რუსთავში 15 მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება, მათ შორის ახლით შეიცვლება მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე. ასევე განხორციელდება ხრამი-რუსთავის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ნაწილი. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2024 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის სარეაბილიტაციო პროექტებში 18 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს”, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე სემეკი მონიტორინგს აქტიურად განაგრძობს.
“დღეს განვიხილეთ 2024 წლის საინვესტიციო პროექტები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ ჯივიპის დაუმტკიცა, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე სემეკ-ი მონიტორინგს აქტიურად განაგრძობს”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
რუსთავის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა მოითხოვა, რომ 2024 წელს როგორც რეაგირების, ასევე ვადების საკითხი კომპანიის მხრიდან ზედმიწევნით იყოს დაცული.
“საჭიროა, იმ გეგმების, პროექტების დროულად და დათქმულ ვადებში განხორციელება, რომელიც gwp-იმ დღეს სემეკ-ში წარმოადგინა. ეს საინვესტიციო გეგმა, კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით, სამ წელზეა გათვლილი. გეგმით გათვალისწინებული პროექტების ძირითადი ნაწილი ჩვენთანაა შეთანხმებული, მუნიციპალიტეტი გარკვეულ ნაწილზე ახალ პირობებს კიდევ დააყენებს, რადგან დღეს რუსთავში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და მათში gwp-ის ჩართულობა მნიშვნელოვანია. რუსთავისთვის 2022-2023 წელი იმ პროექტებისა და ინვესტიციების კუთხით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, მნიშვნელოვანი იყო. მოვითხოვეთ, რომ 2024 წელს როგორც რეაგირება, ასევე ვადები, კომპანიის მხრიდან ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ქალაქ რუსთავის მერმა, მ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად