უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიTetiana Dzhafarova/AP Photo/picture allianceუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს BBC-ს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ხანგრძლივი ომი აწყობს, რადგან, აშშ0ს რესურსების სხვა მიმართულებით კონცენტრირების გამო, ის კიევს დაასუსტებს.
ამას გარდა, როგორც BBC წერს, ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომში “არავის მხარესაა” და მას პუტინის “გაღიზიანება” არ სურს. მისი თქმით, ტრამპს სურს იყოს მომლაპარაკებელი, ვიდრე რომელიმე მხარე აირჩიოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს ლიდერს მრჩევლებმა ურჩიეს, პუტინთან ახლო დიალოგის სტრატეგია აერჩია, რათა “არ გაეღიზიანებინათ ის, რადგან ევროპამ ის გააღიზიანა და პუტინს ევროპასთან ლაპარაკი არ სურს”.
ზელენსკიმ ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს, მოუწოდა, შეხვდნენ და შეთანხმდნენ საერთო პოზიციაზე. სტარმერს ტრამპი გასულ კვირებში აკრიტიკებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან საუბარში თქვა, რომ აქვს “ძალიან ცუდი წინათგრძნობა”, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა უკრაინაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებელი სამშვიდობო მოლაპარაკებებს “მუდმივად დებენ”, რისი “ერთადერთი მიზეზი ირანში ომია”.
BBC ასევე წერს, რომ, ზელენსკის აზრით, არსებული სიტუაცია სასარგებლოა პუტინისთვის, რადგან ენერგორესურსებზე ფასები იზრდება, რაც უკრაინისთვის პრობლემაა. მან ხაზი გაუსვა ჰსთ სისტემების რაკეტების შესაძლო დეფიციტსაც.
“პუტინისთვის ირანში ხანგრძლივი ომი კარგია. ენერგეტიკის ფასების გარდა, ეს ნიშნავს აშშ-ს რეზერვების შემცირებას, საჰაერო თავდაცვის მწარმოებლების შემცირებას. ასე რომ, ჩვენც გვიმცირდება რესურსები.” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ Patriot-ის სისტემის რაკეტების დეფიციტი “აუცილებლად” შეიქმნება, რაც “გამოწვევა” იქნება. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანი შეკითხვაა, თუ როდის ამოიწურება ამ რაკეტების მარაგები ახლო აღმოსავლეთში.
“ამერიკა თვეში 60-65 რაკეტას აწარმოებს. წარმოიდგინეთ, თვეში 65 რაკეტა არის 700-800 რაკეტა წელში. ახლო აღმოსავლეთში ომის პირველ დღეს 803 რაკეტა გამოიყენეს.” – თქვა ზელენსკიმ.