კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.
“კურიერთან” ინტერვიუში, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მათი მხრიდან დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში საგამოძიებო უწყება მზადაა, დაკავებულებისთვის არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს. ამ წინადადებას ეთანხმება დაცვის მხარეც. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებისთვის პროკურატურის შეთავაზება მისაღებია.
ადვოკატ გურამ იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც პროკურატურის მხრიდან დღეს გაჟღერდა.
“რეალურად, ორივე ბრალდებული, გიორგი ხასაიაც და კაკო ჩიქობავაც პირველ სხდომაზევე მზაობას გამოთქვამდნენ, რომ აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, ასევე ისინი აღიარებდნენ დანაშაულს და ეს არასდროს გაუხდიათ სადაო, ამიტომ ამ ნაწილში იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსთვის შეიცვლის აღმკვეთის ღონისძიებას და უახლოეს მომავალში ორივე ბრალდებული დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ტექნიკურად, ამ პროცედურებს ვატარებთ ცალ-ცალკე, როგორც აღსრულების სამსახურთან, იმიტომ, რომ უშუალოდ აღსრულების სამსახური არის ამ პროცესში დაზარალებულად ცნობილი, ასევე პროკურატურასთან”, – განაცხადა გურამ იმნაძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა სასამართლოსთან შუამდგომლობა დააყენა ჩიქობავასთან დაკაშირებით.