აშშ-ს მიერ ნავთობის ბლოკადის დაწესებიდან რამდენიმე კვირაში კუბაში ელექტროენერგია სრულიად გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროგადამცემმ ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ კუბის ქსელის გათიშვის დროს მოქმედ ელექტრომოწყობილობებში არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.
კუბა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული. აშშ-ს მიერ საწვავის მიწოდების ეფექტურმა ბლოკადამ ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისი გაამწვავა, რამაც, როგორც CNN კუბის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა, სამედიცინო მარაგების რაციონირება და ტურიზმის შემცირება გამოიწვია.
CNN-ის ცნობით, საწვავის ფასები იმდენად გაიზარდა, რომ არაოფიციალურ ბაზარზე ბენზინის ფასი ლიტრზე 9 დოლარამდე შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის საწვავის ავზის შევსება 300 დოლარზე მეტი ჯდება, რაც კუბელების უმეტესობის წლიურ შემოსავალზე მეტია.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კარლოს ფერნანდეს დე კოსიო ელექტროენერგიის გათიშვას პლატფორმა X-ზ გამოეხმაურა: “აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნები, ალბათ, ძალიან ბედნიერები არიან იმ ზიანით, რაც ყველა კუბელ ოჯახს მიადგა.”
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა პარასკევს განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში კუნძულზე ნავთობი არ მიწოდებულა. მან ასევე განაცხადა, რომ კუბის მაღალჩინოსნებმა აშშ-სთან, მოლაპარაკებები გამართეს, რათა “გამოევლინათ ის ორმხრივი პრობლემები, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებენ.”
ენერგეტიკული კრიზისის საპასუხოდ, მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო ზომები, მათ შორის სასწავლო საათების შემცირება, ძირითადი სპორტული და კულტურული ღონისძიებების გადადება და სატრანსპორტო მომსახურების შემცირება.
სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფმა ბევრმა საავადმყოფომ მომსახურება შეწყვიტა, ხოლო საწვავის ნაკლებობამ და მომუშავე სატვირთო მანქანების სიმცირემ ქუჩაში ნაგვის დაგროვება გამოიწვია.
ცნობისთვის, 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“კუბა თავის მხრივ, ტურიზმისა და სხვა მხრივ, ლამაზი კუნძულია. შესანიშნავი ამინდი აქვთ. არ არიან ქარიშხლის ზონაში, რაც მშვენიერია. ყოველ კვირა ქარიშხლისთვის ფულს არ მოგვთხოვენ.
თუმცა, ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა აშშ-სა და კუბაზე: როდის გააკეთებს აშშ ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია… კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება – გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. [ჰყავთ] ძალიან სასტიკი ლიდერები.” – თქვა ტრამპმა.
აქამდე, გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო “კუბის მეგობრული დაუფლება”.
აშშ-მ კუბაზე ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ გაზარდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა კუნძულზე კრიზისის გამწვავება. კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელურ ნავთობზე. კუბელი ამერიკელი აქტივისტები, ცვლილების იმედით, ტრამპს ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებდნენ.



