[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე – “ტოტენჰემი” “ენფილდზე” არ დამარცხდა

პრემიერლიგის ოცდამეათე ტურში “ლივერპული” სახლში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა გუნდის კარს ალისონი იცავდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.
შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ტუდორის გუნდი მეტოქეს მაღალ პრესინგს ეთამაშებოდა, მე-12 წუთზე სობოსლაის არაზუსტ პასს “დეზების” 19 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის სოუზას დარტყმაც მოჰყვა, თუმცა ალისონმა თანამემამულის დარტყმული მოიგერია.
მე-18 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ დაშვებული შეცდომა გამოასწორა და მიმდინარე სეზონში მორიგი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით “ლივერპული” დააწინაურა.
36-ე წუთზე “ლივერპულის” შემტევს კოდი გაკპოს სხვაობის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ ნიდერლანდელის დარტყმული ვიკარიომ მოიგერია.
მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი რიშარლისონმა კარში გაგზავნა, თუმცა ალისონი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და ურთულესი მოგერიება განახორციელა. საკუთარი შანსი მიიღო ცვლილებაზე შემოსულმა მოჰამედ სალაჰმაც, გილერმო ვიკარიოსა და რადუ დრეგუშინის შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ ეგვიპტელი “ტოტენჰემის” კართან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული იტალიელმა მეკარემ მოიგერია.
90-ე წუთზე ენდი რობერტსონის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ რანდალ კოლო მუანიმ რიშარლისონი ალისონთან პირისპირ დატოვა და ამჯერად გამოცდილმა შემტევმა ბეკერის კარის დალაშქვრა მოახერხა. დარჩენილ დროში კი აღარაფერი შეცვლილა.
“ლივერპული” 49 ქულით მე-5 ადგილზეა და 18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში “გალათასარაის” უმასპინძლებს.
“ტოტენჰემი” კი 2025 წლის 28 დეკემბრის შემდეგ პრემიერლიგაში გამარჯვების მოპოვებას კვლავ ვერ ახერხებს. ტუდორის გუნდი ჩემპიონატში 30 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს. “დეზები” მორიგ შეხვედრას 19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული – ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 სობოსლაი (18), 1:1 რიშარლისონი (90)

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ