VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი – “სპაერი” პლუს ოთხით!

ეროვნული ლიგის დებიუტანტი გვაოცებს – “სპაერი” ერთპიროვნული ლიდერია და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ თბილისის “დინამოს”, რომელთანაც მიმდინარე სეზონის, ჯერჯერობით, ერთადერთი მარცხი იწვნია.
“სამგურალთან” უშუალოდ გამარჯვება შეიძლება არა, მაგრამ ანგარიში ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. “სპაერმა” მეტოქეს ყველაფერში აჯობა და ვერც იმას ვიტყვით, რომ იღბალმა გაუღიმა.
გამოვარჩევდით ლაშა კოხრეიძესა და თორნიკე ასკურავას – მათ გოლებიც გაიტანეს და “ასისტებიც” გაიფორმეს. “სამგურალის” მხრიდან აღსანიშნავია ლაშა შერგელაშვილის საფირმო “სტანდარტი”. მაგრამ გამოდგება კი ეს გოლი სანუგეშოდ?
ჯერჯერობით, “სპაერი” ერთადერთი გუნდია, რომელიც, დანარჩენებისგან განსხვავებით, გამართულ ფეხბურთს თამაშობს. შევხედოთ, როგორი იქნება გაგრძელება. მომდევნო ტურში (22 მარტი) თბილისურ კლუბს გასვლითი შეხვედრა აქვს ბათუმის “დინამოსთან”, რომელმაც ამ ტურში მიჯრით მესამე ფრე (0:0 “მეშახტესთან”) ითამაშა სტარტზე.
“სამგურალი” კი იმავე დღეს “რუსთავს” უმასპინძლებს.
სპაერი-სამგურალი 4:1
გოლები: 1:0 ჩაგუნავა (7, ასკურავას პასით), 2:0 ასკურავა (66, ლ. კოხრეიძის პასით), 3:0 ლ. კოხრეიძე (67), 3:1 შერგელაშვილი (72), 4:1 სამხარაძე (83, პენალტით)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, პირტახია, სამხარაძე, თ. ცეცხლაძე, ასკურავა (ცალუღელაშვილი 70), ცირდავა (გოლუბიანი 86), ფონიავა (ბასილაშვილი 74), გეგიაძე (მატენჯვა 70), ლ. კოხრეიძე (გიორგი დ. ცეცხლაძე 74)
სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, ქაბია, რაიანი (ბერელიძე 70), შერგელაშვილი, ჯანჯღავა (აფციაური 46), ვინისიუსი, ნ. ცეცხლაძე (სებოლინია 46), ხორხელი (ს. ჩხეტიანი 70), ველისოლი, პაპავა (შათირიშვილი 54)
გაძევება: ქაბია (51, სამგურალი)
არბიტრი: ბ. კუნჭულია