ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი და ის არის გაჯერებული სიცრუით, რომელსაც ოცნება ამხელს. მან აგრეთვე აღნიშნა ის, რომ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.
“ფაქტია, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. რეალურად, პროცესი იყი ინიცირებული მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ეს ადამიანი თვითონ ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი… რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. რეალურად, ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. […]
ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში. ასევე, მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას, ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული, რაც არის ძალიან სამწუხარო. […]
მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან… საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დარბევების დროს დაფიქსირდა გადაცდომის 3-4 შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა დამნაშავეების იდენტიფიცირება, მათ მიიღეს შესაბამისი ზომები, რათა იგივე აღარ განმეორდეს.
“რაც შეეხება წამებას, წამება არის მტკნარი სიცრუე, რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის, სავარაუდოდ, დანაშაულებრივ გადაცდომებს აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშვეების დასჯა ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში და თქვენ გახსოვთ, რომ, მათ შორის, ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები. […]
შესაბამისად, შენიშვნა, რომელიც არის გამოთქმული ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის მხედველობაში მისაღები… იყო დაახლოებით 3-4 შემთხვევა, როდესაც კონკრეტული გადაცდომები იყო სახეზე და საჯაროდაც გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მაგალითად, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის შემთხვევა, კონკრეტული პოლიტიკოსის შემთხვევა და ეს იყო გადაცდომაზე მეტი, სავარაუდოდ, თავისი შინაარსით დანაშაულებრივი გადაცდომები და ინციდენტები, თუმცა ვერ მოხერხდა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ მომავალში აღარ მომხდარიყო ასეთი რამ.” – აღნიშნა კობახიძემ.
მან აგრეთვე ისაუბრა იმ კანონებზე, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებს. მისი აზრით, არცერთი კანონი რეპრესიული არ არის და ყველა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. კობახიძე თვლის, რომ დასკვნის ავტორი პატრისია გჟებიკი აიძულებს მათ, რომ ქალები გადაწერონ კაცებად და კაცები ქალებად.
“საქართველოში არ მოქმედებს არცერთი რეპრესიული კანონი იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული. ჩვენ მზად ვართ სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობდნენ. […]
მათ არ მოწონთ გამჭვირვალობის კანონი, რაც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არის შესაბამისობაში თანაზომიერების პრინცპთან. მათ არ მოწონთ კანონი არასრულწოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. […]
პირდაპი უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ აგერ ბათუმის იუსტიციის სახლში და შეგიძლიათ ჩაეწეროთ კაცად… ეს ქალბატონი გვაძალებს. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს. ვინმეს თუ მოუნდება იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ… ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად.” – განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა.
ცნობისთვის, 10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.




