მედია: ოპოზიცია: ევროკავშირმა შესაძლოა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ზომები მიიღოს

ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვა ქვეყნისთვის საგანგაშო სიგნალია და შესაძლოა უკვე არსებული პრივილეგიების გადახედვაზეც იყოს საუბარი, – ასეთ შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წინ, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე არა ინტეგრაციის, არამედ შესაძლო შეზღუდვების კონტექსტში განიხილება.

ევროპული საბჭოს საგარეო მინისტრების შეხვედრებზე საქართველოს საკითხი განიხილება არა გაწევრიანების კონტექსტში, არამედ, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ, მათ შორის, ი პრივილეგიების დაკარგვის კონტექსტში, რომელიც საქართველოს ამ დრომდე ჰქონდა: იქნება ეს უვიზო მიმოსვლა თუ კანდიდატის სტატუსი თუ ასოცირების შეთანხმება. ბუნებრივია, ტრაგიკულია. ის, რომ გერმანია და საფრანგეთი, როგორც ორი მოწინავე ქვეყანა ევროკავშირში და მათ შორის, ვაიმარის ე.წ. სამკუთხედის წევრები აყენებენ ამ საკითხს, ესეც მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, – ამბობს ენმს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

“ლელოს” ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ბრიუსელში განხილვის დრო და კონტექსტი მიუთითებს საერთაშორისო ყურადღების მკვეთრ ზრდაზე. გეგელია არ გამორიცხავს, რომ  „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ზომები იქნას მიღებული.

ძალიან საყურადღებოა კალენდარი, რომ საქართველოს საკითხი ისევ განიხილება, ეს ყოველთვის არ განიხილება ხოლმე, ცხადია, ძალიან ბევრი საქმეა. მეორე – ის განიხილება სწორედ მოსკოვის მექანიზმის დასკვნის შემდგომ პერიოდში პირველივე შესაძლებლობისასა, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ყურადღება კიდევ უფრო ახალი მოწოდების სიმაღლეზეა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო და მოსკოვის მექანიზმის ძალიან კრიტიკული შეფასების გამო. ამიტომ, ე ველი ძალიან მწვავე განხილვას და ველი ძალიან კონკრეტული ახალი ზომების დაწესებას „ქართული ოცნების“ მიმართ, – ამბობს გრიგოლ გეგელია.

“ცვლილებისთვის” წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრები სულ უფრო მკაცრ ტონში მიმდინარეობს და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში “ოცნების” ხელისუფლების პოზიციებს კიდევ უფრო ართულებს.

ეს შეიძლება ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ყველა შეხვედრა, რომელიც ტარდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არის ძალიან მკაცრი და შესაბამისად, მოსკოვის მექანიზმმა კიდევ უფრო გაართულა „ქართული ოცნების“ მდგომარეობა და სწორედ ამიტომაც დაემატა ევროკავშირში სპეციალურ თემად საქართველოს თემა და ეს ყველაფერი გამოწვეულია ოსკოვის მექანიზმით, ცხადია და „ქართული ოცნების“ უგულებელყოფილი პოზიციით, რომ მათ არ სჯერათ და არ მოსწონთ ის, რაც მოსკოვის მექანიზმში წერია, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მიუთითებს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ შესაძლო რეაგირებას, მათ შორის პერსონალურ სანქციებს, ფინანსური დახმარების გადახედვას და პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას.

წყარო