Saudi Aramco უკრაინული დრონების გამანადგურებლების შეძენით დაინტერესდა

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია Saudi Aramco, სულ მცირე, ორ უკრაინულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათი წარმოების სპეციალური „გადამჭერი“ დრონები შეიძინოს. არსებული ინფორმაციით, საუბარია ადგილობრივ ფირმებზე, SkyFall-სა და Wild Hornets-ზე.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნავთობგიგანტი ამ ნაბიჯით თავისი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ირანული უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვას ცდილობს. შეგახსენებთ, 28 თებერვალს, -ის, ისრაელისა და ირანის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ენერგეტიკული თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი იერიში განხორციელდა.

რაც შეეხება თავად მოწყობილობებს, რომელთა შესყიდვითაც Saudi Aramco-ა დაინტერესებული, უკრაინული წარმოების დრონები მტრის საფრენ აპარატებს მათთან პირდაპირი შეჯახებით ან მათ სიახლოვეს აფეთქებით ანადგურებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ უკრაინას 4-წლიანმა ომმა მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვებისა და შეიარაღების გამოცდის საშუალება მისცა. განსაკუთრებით ირანული Shahed-ების წინააღმდეგ, რომლებსაც დღემდე აქტიურად იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 მარტს დაადასტურა, რომ კიევმა უკვე გაგზავნა ექსპერტები კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა მათ ირანული დრონებისგან თავდაცვის საკითხებში კონსულტაციები გაუწიონ.