შეგიძლიათ მითხრათ, რომელია ამ დარბაზში ირაკლი ჩხვირკვია? – ამ კითხვით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკვიამ გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძეს, რომელიც მოწმის სახით იკითხება.
მთავარმა გამომძიებელმა ჩვენებაში თქვა, რომ ვიდეოში ამოიცნო ბრალდებულები, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. სწორედ ამიტომ დაუსვა სხდომაზე ბრალდებულმა მოწმეს აღნიშნული კითხვა. გამომძიებელმა ჩხვირკვია ვერ იცნო.
ჩხვირკვია: იცით, თუ არა რომ პოლიციელი, თუ ჯეროვნად არ შეასრულებს თავის უფლებამოსილებას, შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში. თქვენ თქვით, რომ ვიდეოში ამოიცანით ბრალდებულები, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. ამ დარბაზში შეგიძლიათ ამოიცნოთ ირაკლი ჩხვირკვია? თუ შეგიძლიათ მითხრათ, რომელია აქ ირაკლი ჩხვირკვია?“ – მიმართა ჩხვირკვიამ გამომძიებელს.
კერესელიძე: არის დარბაზში, ვიზუალურად სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით.
ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, ბრალდებულმა ჩხვირკვიამ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს თხოვნით მიმართა – მოუწოდოს პროკურორ ვაჟა თოდუას, რომ ნუ კარნახობს მოწმეს. მოსამართლის განმარტებით, თუ მსგავსს ადგილი ექნება, შენიშვნას მისცემს პროკურორს.
ამის შემდგეგ ირაკლი ჩხვირკვია კვლავ შეეცადა მოწმისთვის კითხვის დასმას და დადგენას, ცნობს თუ არა მას გამომძიებელი.
ჩხვირკვია: ბატონო კონსტანტინე, თქვენ ბრძანეთ, თავისუფალი თხრობის რეჟიმში, რომ ამოვიცანი ირაკლი ჩხვირკვიაო, მოახდინეთ თუ არა ირაკლი ჩხვირკვიას ამოცნობა ვიდეოზე?
კერესელიძე: ჩემს მიერ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. კი, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ოღონდ ჩემს მიერ არა.
კერესელიძე: მე არ მითქვამს, რომ ჩემს მიერ მოხდა ჩხვირკვიას იდენტიფიცირება-მეთქი. ზეპირად არ მახსოვს, რომელი გამომძიებლის მიერ მოხდა ჩხვირკვიას იდენტიფიცირება.
დღეს ბრალდებული პოლიტიკოსების უფლებადამცველებმა გამომძიბელს უჩვენეს სხვა მოწმეეების ჩვენებები, რომლებიც, მათი თქმით, ერთმანეთის იდენტურია. ადვოკატების თქმით, ჩვენებებში შეცდომებიც კი იდენტური იყო.
როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, პროკურორი ვაჟა თოდუა ირწმუნებოდა, რომ ჩვენებები იდენტური არ არის.
დღეს მოწმე კერესელიძეს კითხვები დაუსვა ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემაც და ჰკიხთა, დაინტერესდა თუ არა გამოძება მისი დაცვის ქვეშ მყოფის კომპიუტერით ან ტელეფონით, რაზეც გამომძიებელმა უთხრა, რომ არა. მოწმემ დღეს აბესაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არც ათონელის სასახლის კამერის ჩანაწერები ამოუღია.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




