ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ მიესალმება საქართველოში ვიზიტად მყოფი სხვადასხვა დელეგაციების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტსა და პატიმრების მონახულებას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა 10 მარტს განაცხადა, რომ მათ სურდათ ციხეში რეჟიმის პატიმრების მონახულება, მათ შორის მზია ამაღლობელის, რაზეც უარი მიიღეს.
“პარლამენტის კომპეტენცია არ არის პატიმრებთან შეშვება არ შეშვების საკითხი. ინტერესი რა არის?! ინტერესი თუ ის არის, რომ იცოდნენ, რა პირობებში ხდება სასჯელის მოხდა, არიან ადვოკატები, რომლებიც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში შედიან და მათი მხრიდან აქვთ ინფორმაცია, სახალხო დამცველისგან აქვთ ინფორმაცია. სინამდვილეში, ყველანაირი ობიექტური ინფორმაცია არსებობს. თუ ეს არის რაიმე რიტუალი, რომ მოინახულო ადამიანი, მე პირადად ამას არ მივესალმები.
აქ რიტუალური ღონისძიებები და ატრაქციონად წარმოდეგნა, რომ აქ ვიღაც ჩამოდის და უნდა მოიხადოს ვალი, შევიდეს რომელიმე კონკრეტულ პატიმართან, ეს გარკვეულწილად აკნინებს იმ დანაშაულს, რომელიც ამა თუ იმ ადამიანმა, შეიძლება, ჩაიდინა. მნიშვნელოვანია, ყველას, მათ შორის იმ ორგანიზაციას, რომლის წევრიც ვართ, ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სასჯელაღსრულების სისტემაში, როგორ იხდიან პატიმრები სასჯელს” – თქვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ 10 მარტს ასევე განაცხადა, რომ “პრემიერმინისტრს, პარლამენტის სპიკერს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის, როგორც მინიმუმ, განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიმუმ 50% გაატარეს ციხეში”.
აღნიშნულთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “დანაშაულის გაქვითავა არ არსებობს” და კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართული ოცნების პოზიცია, რომ “საჭიროა, ითანამშრომლონ, მიმართონ, ამაზე არაერთხელ განაცხადა პროკურატურამაც, რომ მზად არის ამ მხრივ”.




