გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლმა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის, არჩევნებში დასახმარებლად დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო. არჩევნები აპრილში გაიმართება.
FT წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მხარი დაუჭირა სოციალური დიზაინის სააგენტოს – კრემლთან დაკავშირებულ და სანქცირებულ საკონსულტაციო ორგანიზაციას – ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ისთვის სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი შინაარსის შექმნას, რომელსაც გავლენიანი უნგრელები გაავრცელებენ.
სანქცირებული სააგენტოს მიერ შექმნილი ნარატივის მიხედვით, ორბანი არის ერთადერთი კანდიდატი, ვისაც უნგრეთის სუვერენიტეტის შენარჩუნება და მსოფლიო ლიდერებთან თანასწორად ლაპარაკი შეეძლება. კამპანიის მიზანია ორბანი წარმოაჩინოს “ძლიერ ლიდერად საერთაშორისო მეგობრებით”. რაც შეეხება მის კონკურენტს, პეტერ მაგიარს, კამპანიის მესიჯბოქსის მიხედვით, ის არის “ბრიუსელის მარიონეტი”.
ბოლო კვლევების მიხედვით, მაგიარის პარტია Tisza ლიდერობს. კრემლთან დაკავშირებული ორგანიზაციის გეგმა აპ პარტიაზე “საინფორმაციო თავდასხმებს” ითვალისწინებს.
რადგან რუსეთის დახმარების ფაქტმა შესაძლოა ორბანის საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს, სოციალური დიზაინის სააგენტო, FT-ს ცნობით, პირდაპირ არ დაუკავშრდა უნგრელ მაღალჩინოსნებს და ამის ნაცვლად კავშირი დაამყარა ადგილობრივ გავლენიან პირებთან.
დამოუკიდებელმა მედია VSquare-მა გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) სამი ოფიცერი ბუდაპეშტში, რუსეთის საელჩოში გაგზავნეს. მაგიარმა მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა და მიმართა სიტყვებით: “რუსებო, წადით სახლში”. ეს ლოზუნგი 1956 წლის ბუდაპეშტის აჯანყების დროს კომუნისტური ძალების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
FT წერს, რომ რუსული სააგენტო შესაძლოა ექვემდებარებოდეს პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, რომელიც კრემლისთვის სასარგებლო საარჩევნო კამპანიებს სხვა ქვეყნებშიც მართავდა.
FT ხაზს უსვამს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უნგრულ სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინული მასალის რაოდენობა გაიზარდა.
რუსეთის ელჩი უნგრეთში, ევგენი სტანისლავოვი, უარყოფს კამპანიაში რუსეთის ჩართულობას. მისი მტკიცებით, რუსეთს მხოლოდ სურს უზრუნველყოს “ნორმალური ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელება და ურთიერთასასრგებლო კოოპერაციის განვითარება”. რუსეთის ჩართულობას უარყოფს უნგრეთის მთავრობაც და ცნობებს “მემარცხენეთა ცრუ ბრალდებებს” უწოდებს.




