ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია , – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე და ამ პროცესების ფონზე საქართველო-ში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე.
გადაცემაში ხუხაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო პირი.
ექსპერტის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისი თქმით, მიმდინარე რეგიონული დაძაბულობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი დამატებით რისკებს ქმნის.
„რამდენი ხანია საუბარია, რომ „ალ – მუსტაფას“ უნივერსიტეტში, რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში 3 ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან – რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ „ნაღმებია ჩადებული“, როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!
თუკი საქართველოში ასეთი ჯგუფები არსებობდა, ისინი ხომ ფინანსდებოდნენ საიდანღაც. ფინანსდებოდა ზუსტად „რუხი სქემებიდან“. ინფორმაციაც გავრცელდა იმისთან დაკავშირებით, რომ ირანში რეკლამას უკეთებენ: „სანქციების გვერდის ავლა გინდა, ჩამოიტანე საქართველოში, წარმოშობის სერტიფიკატი ქართულზე შეუცვალე და გაიტანე ევროპაში“. ასეთ რეკლამას ტყუილად ხომ არ აკეთებენ? ეს საქმეები დალაგებულია. რა თქმა უნდა, ამ საქმეებს ჰყავთ ქართველი კურატორები, რომლებიც ამაზე ფულს შოულობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია, რადგან ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია ამ ტიპის სქემების დალაგება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს ხალხი ახლდეს ამ გამოძიების პროცესის საბოტირებას. სუს-ი ამას კი არ იძიებს, იმას იძიებს თინა ხიდაშელმა რა ილაპარაკა და რა იცის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტმა ასევე მოუწოდა სუს-ს, საზოგადოებას განუმარტოს, არსებობდა თუ არა ინფორმაცია მეჩეთებთან დაკავშირებული საკვირაო სკოლების შესახებ და ისმოდა თუ არა იქ ანტიამერიკული ან ანტიისრაელური მოწოდებები.
მისი შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურმა უნდა განმარტოს გავრცელებული ინფორმაცია და დაადასტუროს ან უარყოს არსებული ეჭვები, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში მუდმივად იარსებებს კითხვები შესაძლო საფრთხეების შესახებ.
„გვითხრას სუს-მა იყო თუ არა მეჩეთებში გახსნილი საკვირაო სკოლები და რა ხდებოდა მანდ. ქადაგების დროს ისმოდა თუ არა – „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!“. სუს-მა ამაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ როდესაც საჯაროდ ვრცელდება ინფორმაცია, სუს-ი ვალდებულია მოახდინოს ამაზე რეაგირება და შემდეგ განმარტება, რომ ეს ინფორმაცია სწორია თუ არა. ამასაც ვერ აკეთებენ. იცით რატომ დაიბარეს ეს ხალხი? იმიტომ, რომ აინტერესებთ კიდე რა იციან. კიდევ რა იციან, რომ დიდი სკანდალი არ გაუსკდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მდინარაძე ლილუაშვილს ახოცავს ხელს, რომ თვითონ არაფერი არ იცოდა.
პასუხისმგებლობა აიღონ, რომ მართავენ პროცესს თუ არადა ჩვენ ყოველთვის გვექნება ეჭვი, რომ ისინი ამ ყველაფერთან თანამშრომლობენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
გარდა უსაფრთხოების საკითხებისა, ხუხაშვილმა ასევე ისაუბრა შესაძლო ფინანსურ სქემებზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლით შეიძლება ხდებოდეს ნავთობპროდუქტების გადატანა და ლეგალიზება.
მან მაგალითად მოიყვანა ყულევი, სადაც, მისი თქმით, სავარაუდოდ მოქმედებს ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია რეალურად ხდება თუ არა იქ გადამუშავება.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ სადღაც ყულევში, რაღაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის, ამ ქარხნიდან ვინმე ოდესმე უნახავს ბოლი ამოსული? ჩვენ ისიც ვიცით, რომ იქ შევიდა რუსული ნავთობი. გადამუშავება შეუძლია თუ არა გვაჩვენონ. ირანული ნავთობი, რუსული რა მნიშვნელობა აქვს – სქემა მუშაობს რუსულზეც და ირანულზეც. შესაძლებელია რუსეთიდანაც შემოვიდეს ვითომ ნავთობი გემით, სინამდვილეში კი ეს იყოს სანქცირებული ნავთობპროდუქტი, შემდეგ მას შეეცვალოს წარმოების სერტიფიკატი და უკვე „გათეთრებული“, ლეგალიზებული, სანქცირებული პროდუქცია წავიდეს ევროპულ ბაზრებში. შესაძლებელია ასეთი სქემები. ძალიან ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს სქემები მუშაობს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.




