„სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი სომხეთს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე საქართველოს“ – გიგა თვაური

„ეკონომიკური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან კარგია, ჩრდილოელ მეზობელს არ ვგულისხმობ, თუმცა გასააზრებელია ისიც, რომ სომხეთი არის ჩვენზე უფრო პატარა ბაზარი და ეკონომიკური კუთხით ახალი შეთანხმებები დიდ ცვლილებას ვერ მოახდენს. სომხეთს ძალიან აწყობს დსთ-ს ქვეყნებისგან დისტანცირება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ამგვარი მემორანდუმის დადება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიგა თვაურმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მან საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობის პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის 2023 წელს 2022 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 6%-ით შემცირდა.
„გასულ წელს საქართველოს მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ $21 მლრდ-ს გადააჭარბა და აქედან 5% ($1,1 მლრდ) სომხეთზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 6%-ით არის შემცირებული“
საქართველოს ადგილობრივი ნომერ პირველი ექსპორტის პროდუქცია, რაც არის, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ტოპ საიმპორტო პროდუქციაა სომხეთიდან ჩვენი“, – განაცხადა ეკონომისტმა.
მისი თქმით, სომხეთთან საქართველოს ვაჭრობა, ფაქტობრივად, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე დგას და შესაბამისად, ახალი მემორანდუმით რაიმე მნიშვნელოვანი სარგებლის მოლოდინი საქართველოს ვერ ექნება.
„სავაჭრო მონაცემებში რეექსპორტის წილი არის ძალიან დიდი. ეს არის მსუბუქი ავტომობილები დაახლოებით $300 მლნ-მდე და ქიმიური და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი სომხეთში, დაახლოებით $104 მლნ-ის.
ექსპორტი სომხეთთან ფაქტობრივად მსუბუქ ავტომობილებზეა აწყობილი. გასულ წელს $34,1 მლნ-ის ავტომობილები გავიდა და მთლიან ექსპორტს რომ შევხედოთ, მეორე ადგილზეა ციტრუსის ნაყოფები დაახლოებით $3 მლნ და შემდეგ არის სპირტიანი სასმელები $2,5 მლნ. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა თუ რამდენად არასტაბილურია ეს მონაცემები. ფაქტობრივად, ექსპორტი აწყობილია რეექსპორტზე და საქართველოს მსუბუქ ავტომობილებზე არანაირი ბერკეტი არ აქვს, ეს არის მხოლოდ ტრანზიტი, ჩამოდის 2 პორტში და შემდეგ ნაწილდება ქვეყნებში. ეს არ არის ის პროდუქტი, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ.
ეკონომიკური შეთანხმებების დროს მნიშვნელოვანია ქვეყნების მაკროეკონომიკური პარამეტრები, მშპ და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთი ჩვენზე პატარაა და ამ პარამეტრებითაც ჩამოგვრჩება, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ასეთი შეთანხმება რომ დადებული აზერბაიჯანთან, შეგვეძლებოდა უფრო განგვევრცო, რადგან „შავი ზღვის კაბელების“ თემა საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციის – ელექტროენერგიის ჰაბად ხდის“, – აღნიშნა ეკონომისტმა.
მისი თქმით, საქართველოს მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკა აქვს და ქვეყანამ მთელი თავისი პოტენციალი უნდა გამოიყენოს, მაგალითად შავ ზღვაზე გასასვლელი, რაც სხვა ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს დიდ უპირატესობას ანიჭებს.