პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანის გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ გამოაცხადა

ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ, ირანის გარდამავალი მთავრობის ფორმირების შესახებ გამოაცხადა და რეგიონის არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მას.

შესაბამისი განცხადება მან თავის YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა.

ფეჰლევიმ აიათოლას რეჟიმი დაგმო არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის, ომანი, იორდანიის, ერაყისა და საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებისთვის. მან თქვა: „ეს არის ისლამური რესპუბლიკის არსი და სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ის“.

„თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ეს ტერორისტული რეჟიმი ჩვენს რეგიონში ქაოსსა და სისხლისღვრას თესავდა. ის მხარს უჭერდა [სირიის ყოფილ ლიდერ ბაშარ] ასადს და სირია სასაფლაოდ აქცია. მან შექმნა ჰეზბოლა, როგორც სახელმწიფო ლიბანის სახელმწიფოს შიგნით. მან შეაიარაღა ჰუთები არაბეთის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაციისთვის. მან გააძლიერა შეიარაღებული ფორმირებები ერაყში, ძირს უთხრიდა ერაყის სუვერენიტეტს. ის თავს დაესხა საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკურ ცენტრებს. ეს არასდროს ყოფილა ირანელი ხალხის სურვილი – ეს იყო რეჟიმის სურვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრო“, – თქვა ფეჰლევიმ.

მისი თქმით, ახლა ვითარება შეიცვალა: ასადი გაიქცა სირიიდან, ჰეზბოლა „დამარცხეულია“, ირანის სამხედრო ბირთვულმა პროგრამამ „უკან დაიხია“, მისი ეკონომიკა კი „თავისუფალ ვარდნაშია“ – „ამ რეჟიმის საყრდენები ინგრევა“.

„ირანელმა ხალხმა ამ მომენტისთვის სისხლით გადაიხადა. რეჟიმმა სასაკლაო მოაწყო, სულ რაღაც ორ დღეში ათიათასობით ჩემი თანამემამულე მოკლა. მაგრამ ამან ხალხი არ გატეხა. სამაგიეროდ, თავად რეჟიმი იმსხვრევა. დღეს ისტორია გვახსენებს ჩვენს მომავალ პოტენციალს. რევოლუციამდე ირანი მჭიდროდ თანამშრომლობდა არაბ ლიდერებთან: მეფე ფეისალიდან შეიხ ზაიდამდე, მეფე ჰუსეინიდან პრეზიდენტ სადათამდე. ომანში მამაჩემი სულთან კაბუსს ეხმარებოდა ქვეყნის დაცვაში ამბოხებულებისგან. ჩვენ მაშინ ნამდვილი პარტნიორები ვიყავით. და ისევ ვიქნებით. ირანელმა ხალხმა მომიწოდა, რეჟიმის დაცემის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გავძღოლოდი. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე“, თქვა ფეჰლევიმ.

მან განაცხადა, რომ საკუთარ ამოცანას ხედავს „მოწესრიგებული გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფაში“, ქვეყნის სტაბილიზაციასა და ირანელებისთვის თავისუფალი საარჩევნო პროცესების მეშვეობით საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობის მიცემაში.

„ირანელებმა თავიანთი არჩევანისთვის უზარმაზარი საფასური გაიღეს. ახლა მე ვთხოვ ჩვენს მეგობრებს არაბულ სამყაროში, შემოგვიერთდნენ, რათა მოემზადონ ჩვენი გარდამავალი მთავრობის აღიარებისა და მასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას არა ექსპანსიის მიზნით, არამედ ირანელი ხალხის მსახურებისთვის. ჩვენ ავაგებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს არა იდეოლოგიის ექსპორტის, არამედ ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. ჩვენ ხელახლა მოვახდენს რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას, რათა გავაუმჯობესოთ ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა“, ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ