“სამეფო ეროვნული ბალეტი – ფოცხიშვილი” 14 მარტს თავისი პროგრამით – “საქართველოს ცეცხლი”, რეიკიავიკის ცნობილ ჰარპას დარბაზში, კონცერტით წარსდგება. ისლანდიური ტურნეს წინ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, გელა ფოცხიშვილი ინტერვიუს აძლევს “ზმნას”, თუმცა ეს არ არის ინტერვიუ ამ წარმატებულ ანსამბლზე. ბატონი გელა ჩვენთან თავის ვაჟზე – გიორგი ფოცხიშვილზე საუბრობს; ბალეტის მსახიობზე, რომელმაც 24 წლის ასაკში მსოფლიო აალაპარაკა და ცნობილ ევროპელ ბალეტმეისტერებს შემდეგი რამ ათქმევინა: გიორგი ცეკვავს ყველასაგან განსხვავებულად და ცეკვავს ისე, როგორც დადგმაში გვაქვს ჩაფიქრებულიო.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას განიცდიან ამსტერდამში ჩასული მშობლები, როცა ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრზე გამოკრულ უზარმაზარ პოსტერზე, წამყვანი პარტიის კადრით, საკუთარ ვაჟს ხედავენ. უსაშველოდ საამაყო ამბავია. და თუ ქართული საბალეტო ქორეოგრაფიის სახელთან – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ ბალანჩინი ასოცირდებიან, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, მათ სახელზე ამოსულ ახალ ყლორტად – გიორგი ფოცხიშვილი გვევლინება
ამ ინტერვიუში გიორგის სხვა რაკურსით გაგაცნობთ.

გელა ფოცხიშვილი: გიორგი თეატრის საყრდენი ღერძია. დასი მას ეყრდნობა როგორც შემოქმედებითად, ისე კომერციულად. მოდი, ასე ვთქვათ, როდესაც სხვა ქვეყანაში ანშლაგს აკეთებ და შენ მიგყავს მაყურებელი, დასის საყრდენი ხარ.
გვწერენ ნაცნობები, ამსტერდამში ჩავედით, გიორგის სპექტაკლზე გვინდოდა მოვხვედრილიყავით, მაგრამ ბილეთი ვერ ვიყიდეთ, აღარ იყო. როდესაც ქვეყნდება აფიშა, ან ინფორმაცია, რომ გიორგი ცეკვავს, რთულად იშოვება ბილეთები. შეიძლება ნახევარი წლით ადრეც იყოს გაყიდული.
ცხადია, ბედნიერები ვართ, მეც, დედაც ყოველთვის ბედნიერია. ორივე, როგორც პროფესიონალი მოცეკვავეები, დელიკატურად ვაძლევთ პროფესიულ რჩევებს.

ჩვენ თავიდანვე გვინდოდა, რომ მას შემოქმედებითი, თეატრალური სიღრმეები და როლი ეგრძნო. როდესაც სცენაზე დგახარ, შენი შესრულება იქ უკვე მხოლოდ რთული მოძრაობის კასკადი არ არის, ეს არის შინაგანი განწყობა, მსახიობის ოსტატობა და სიღრმეები, როგორ ასრულებ როლს.

რაღაც ასაკში ტექნიკურად მაგარი უნდა იყო, ასაკი რომ გემატება, მერე სიღრმისეულად ძლიერი უნდა იყო და გრძნობდე შესრულებულ პარტიას. აქ საუბარი მიდის მაღალ ღირებულებებზე, რაც ჩვენ უკვე შემდგარ არტისტთან გვაქვს.

– ამსტერდამს როგორ შეეგუა?
– უყვარს. პირველივე დღიდან ადვილად შეეგუა. პირველად ერთად ჩავედით და პატარა ზღაპარში მოვხვდით. არც უნდა, რომ სხვაგან გადავიდეს. შემოთვაზება აქვს დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, მაგრამ ფიქრობს, რომ ამსტერდამის ბიჭია.

იწვევენ, მიდის, რამდენიმე პარტიას სხვაგან შეასრულებს, მაგრამ ფუძეს უბრუნდება ამსტერდამში. თბილისის შემდეგ საყვარელი ადგილი და მეორე სახლი, უკვე ასმტერდამია. მისი ხელოვნების დანახვა დასავლური პუბილიკის მხრიდან და აღმავლობა, მოხდა ნიდერლანდებში. თბილისი და ამსტერდამი მისთვის განუყრელი რამაა. სერიოზულად დატვირთული გრაფიკი აქვს, პატარა ფანჯარა რომ გამოჩნდება, ჩამოდის. თავის ერს რომ უცეკვოს და მათთან ერთად იყოს.
– რა ენატრება?
– მეგობრები, ჩვენთან ურთიერთობა, რადგან ჩვენც სულ გასტროლებზე ვართ. აინტერესებს ჩვენთან დასში რა ხდება, ახალი კადრები თუ გვყავს. როდესაც დიდ თეატრებში გვაქვს კონცერტები, ჩამოდის, იცეკვებს და მიდის თავის სპექტაკლებზე. ამბობს, რომ ქართული ცეკვა სულ ენატრება. ქართული ცეკვა სულის ძახილია და სულ გენატრება. ამბობს, რომ კომპენსაციას ვაკეთებ იმით, რომ ქართული ცეკვა ნელ-ნელა, გასალაშინებული ფორმით შემაქვს მოძრაობით თუ სულიერების გადმოცემითო. ვცდილობ ჩვენი ხაზი არ დავკარგოო.

საჭმელიც ენატრება. როცა დედამისია ამსტერდამში, სთხოვს, რომ ქართული კერძი მოუმზადოს. მაიაც უკეთებს. ერთი დღე შეჭამს და მერე ამბობს, წავედით ახლა სხვაგან ვჭამოთო. ჩვენ ქართველები, სხვა გასტრონომიული კულტრით ვართ გაზრდილი. ამსტერდამში არის რამდენიმე ქართული რესტორანი, სადაც საპატიო სტუმარია გიორგი. მთელ თეატრს დაასწავლა, რა კერძია ხინკალი. მიჰყავს, ეპატიჟება და მიირთმევენ ხინკალს, იმერულ და აჭარულ ხაჭაპურს, წვნიან კერძებს, მწვადებს. ისინიც აღფრთოვანებულები არიან. ამ მხრივაც უწევს ქართულ კულტურას პოპულარიზაციას. ჩვენი სამზარეულოც ჩვენი კულტურის ნაწილია.
– ბალეტის მოცეკვავეებს ჩვენი მსუყე კერძებით გასუქების არ ეშინიათ?
– რა გაასუქებთ? ისეთი დატვირთულები არიან. ჩვენ შედეგს ვხედავთ, რომლის უკან ისეთი დისციპლინა დგას. დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე სხვადასხვა სპექტაკლების რეპეტიციები აქვთ.

საღამოს საერთოდ სხვა სპექტაკლს ცეკვავს. ამთავრებს ღამის 12 საათზე. მეორე დილის 10-ის ნახევარზე მიდის და ისევ იგივე მეორედება, სულ ამ რუტინაში და წვრთნაში არიან და რა გაასუქებთ, პირიქით, უნდა ჭამონ. მთავარია, დასვენება და ძილი. ძილის ნაკლებობა ბალეტის ყველა მსახიობს აქვს, ორგანიზმი აღდგენას ვერ ასწრებს. თავისუფალ დროს მიდიან რესტორანში და გემრიელად მიირთმევენ და ქართულ ღვინოს სვამენ. იქაც იყიდება და ჩვენც ჩაგვაქვს ღვინო.

– როგორც ვიცი, ელექტრონული მუსიკა უყვარს…
– დიახ, აქვს ასეთი გატაცება. ამბობს, რომ ბიძამ, დედის ძმამ შეაყვარა ელექტრონული მუსიკა. სახლში აქვს აპარატურა, გასამიქსი და ათასნაირი რამ. თვითონაც წერს მუსიკას და ვეუბნები, სამომავლო პროფესიაც გაქვს-მეთქი. ეს ჩემი ჰობიაო, ამბობს. ნაციონალური ოპერის თეატრში, კორპორატიულ საღამოებზე, ხდება გიოს დაქირავება და ის მუსიკალურად აფორმებს საღამოებს. კლასიკურ ნაწარმოებებს ელექტრონულ ჟანრში აკეთებს. მოუხდა ეს მიქსი და იცით, როგორ მოსწონთ? მოსწონთ ბავშვებსაც. თანამედროვეობის და კლასიკის ტანდემია. ელექტრონულ მუსიკაში რომ შედის, ვთქვათ, “გედების ტბის” მუსიკა, მოულოდნელია და კარგ ემოციას იწვევს.
– ალბათ, ასეთი წარმატებული და სიმპათიური მოცეკვავის მიმართ, გოგოები დიდ ინტერესს იწვევენ, ბუნებრივია…
– მისი პირადი და გლამურული საკითხები, არ ვიცი. ცხადია, რაღაც ვიცი, მაგრამ ეს მისი პირადი სივრცეა. არავინ ვერევით მის პირად ცხოვრებაში. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მისი საქმეა. თუ ადამიანი პირად ცხოვრებაში ბედნიერი არ იქნება, შენ ვერაფერს დაუკანონებ. ჰყავს გვერდით კარგი გოგონა. ქართველი არ არის. ვნახოთ. ჯერ დაოჯახებას არ ფიქრობს.

– როგორ დაახასიათებთ, პიროვნულად როგორი ადამიანია?
– ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. რომ დამირეკავს სულ მამიკო, მამიკოთი იწყებს საუბარს… მეგობრობაში, მხარში დგომაში ძალიან ძლიერია. დასში ყველას მხარში უდგას. ახლა, ბოლოს რომ ასტერდამში ვიყავი, “კარმენი” იცეკვა. დასში ძალიან საყვარელი ჰოლანდიელი ბიჭი ჰყავთ. გიო და ეს ბიჭი დუბლებში ცეკვავენ. სპექტაკლის შემდეგ მივედი და ამ ბიჭს მივულოცე, მომიბრუნდა და მითხრა, მე კი არ ვარ მაგარი, აი, ვინ არის მაგარიო და თითით მაჩვენა გიოზე. ძალიან მეხმარება და მე თუ რამე შევძელი, მისი დამსახურებაც არისო.

გიო არ არის ბოროტი ადამიანი, რაც შეუძლია, სხვასაც ეხმარება. თვლის, რომ ეს მისი ოჯახია და არასდროს ფიქრობს, რომ მარტო თვითონ იყოს წინა პლანზე და სხვას, თუ უნდა ნუ უცეკვია. არა! დადის და კულისებში ყველას ამხნევებს – დღეს ხომ იცით, მაგარი სპექტაკლი უნდა იყოსო. მოტივაციას აძლევს. არ ფიქრობს, რომ ვიღაც კონკურენტია. პირიქით, ეს არის ერთი ოჯახი და ერთი საქმე უნდა აკეთონ. ბუნებრივად აქვს ასეთი პოლიტიკა, კეთილად განაწყობს მისადმი ყველას. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მტრულად განწყობილი 0,1 პროცენტის იქით, არა მგონია ვინმე იყოს. დასიც და სამხატვრო ხელმძღვანელიც დადებითად არიან მისადმი განწყობილნი.
– და ამ ასაკში მივიდა ასეთ წარმატებამდე…
– დიახ, 6 მაისს ხდება 25 წლის. გიორგობას დაიბადა და გიორგობას – 23 ნოემბერს მოინათლა. სრულიად გიორგია და ბაბუებმა ვერ განაცხადეს პრეტენზია, რომ მათი სახელები დაგვერქმია. წმინდა გიორგის მადლით მოდის, ხელში შუბით და აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და რითიც ასახელებს სამშობლოს. იმით, რაც გენეტიკით მოსდევს. “მფრინავი ქართველი” – ერთხმად დაარქვეს ქართულ სოციალურ სივრცეში, როდესაც პირველად მისი შესრულება ნახეს. ასეთიც გამოდგა.
(ინტერვიუს გაგრძელებას წაიკითხავთ კვირას)

ავტორი:თამარ გონგაძე




