სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6%.
საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 9.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- თევზეული – 23.1%;
- პური და პურპროდუქტები – 13.8%;
- ხილი და ყურძენი – 13.3%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 10.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.6%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 9.4%;
- ზეთი და ცხიმი – 7.1%;
- ყავა, ჩაი და კაკაო – 5.9%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 5.3%;
- რძე, ყველი და კვერცხი – 5.3%;

ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 9.8%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 9.5%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 7.2%;
- ჯანმრთელობის დაცვა- 5.9%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.3%;
- განათლება – 2.1%;
- ტრანსპორტი – 0.9%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 0.2%;
ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:
- კავშირგაბმულობა – 4.6%;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 2.7%;
- დასვენება, გართობა და კულტურა – 2.1%
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.2%.

2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე “ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია”. მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, “სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები”. კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.




