ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას ხომ ხურავენ, მაგრამ რომც არ დახურონ, სხვაგანაც რომ გადავიდეთ, ეს საქმე უპერსპექტივოდ აქციეს და აი რატომ:
თანამედროვე ისტორიოგრაფია არ არის თარიღების ერთმანეთზე მიწეპება და ფაქტების გროვა. ეს არის ინტერდისციპლინური დარგი. ადამიანმა მინიმუმ ორი სფერო უნდა იცოდეს, რომ ისტორიკოსი გამოვიდეს. მარტივად რომ ვთქვათ, მედიცინის ისტორიკოსი ვერ გახდები თუ ისტორიასთან ერთად მედიცინაც არ იცი; საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიკოსი ვერ გახდები თუ ისტორიასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობები არ იცი და ასე შემდეგ.
ჩვენს პროგრამაზე სტუდენტთა 80%-ზე მეტი პირველადი განათლებით არასდროს არის ისტორიკოსი. ისინი მოდიან სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტოლოგიის და სხვა საბაკალავრო დიპლომებით. ეს ძალიან კარგია. ჩვენ მათ ამ განათლებას ვამატებთ ისტორიის ემპირიულ ცოდნას, კვლევის მეთოდებს, წერის და კვლევის უნარს. საბოლოო ჯამში, ვიღებთ ძალიან კარგ პროდუქტს.
საქართველოში სასკოლო განათლება არ იძლევა ელემენტარულ ემპირიულ ცოდნას, რადგან ისტორიის მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს საბაზისო სერთიფიცირების დონეს. უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ, საქმე ძალიან მძიმედაა.
ამიტომ, მაგისტრატურის ორ წელიწადში ჩვენ გვიწევს ის ზოგადი საგნებიც ვასწავლოთ ემპირიული ცოდნის დასაგროვებლად სტუდენტებს, რაც სკოლაში ან ბაკალავრიატზე უნდა ესწავლათ. წკიპზე ვასწრებთ, რომ ორ წელიწადში საქართველოს, მსოფლიოს, რუსეთის ისტორიები ფაქტოლოგიურ დონეზე ვასწავლოთ; თან კვლევის და წერის მეთოდები ვასწავლოთ; თან არქივში მუშაობა ვასწავლოთ; თან თეორიები ვასწავლოთ და მზად გვყავდნენ რეცენზირებადი სტატიები წერონ და სადოქტორო სწავლა გააგრძელონ საქართველოსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში. ორი ან სამი საგანიც რომ დააკლდეს არსებულ კურიკულუმს, ეს ძალიან ხელშესახებად აისახება სტუდენტების საბოლოო უნარებზე.
ახლა კი, ყველასგან დაუკითხავად, დეკრეტი გამოსცეს, რომ ისტორიის მიმართულებაზე მაგისტრატურაში სწავლა გახდება ერთწლიანი. ეს არის ამ სფეროს გაუქმება. აზრი აღარაფერს აქვს. რაღაც მანქანებით რომც შევინარჩუნოთ სამაგისტრო პროგრამა, რა ვქნა მე ამ ერთ წელში, სამაგისტრო ვაწერინო, ემპირიული ნაწილი ვასწავლო ისტორიის, თეორიული, წერა თუ კვლევა? რომელია ზედმეტი? რომელი მოვაშორო?
ამაზე ის პასუხი აქვთ, რომ თურმე სადღაც ნიდერლანდებში და ბრიტანეთში არსებობს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები. კი ბატონო, ჯერ ისეთი სკოლები გაგვიკეთეთ, სადაც ისტორიას, წერას, კვლევას და ყველაფერს საბაზისოს სათანადო დონეზე ასწავლიან და მერე ვქნათ ეს ამბავი.
ახლა მთავარი: ვიღაც, კაცმა არ იცის ვინ, დაჯდა და ასე მექანიკურად ჩამოწერა ეს ამბავი ისე, რომ ისტორიის სწავლებასა და წერასთან ახლოს არასდროს ჩაუვლია. არც უკითხავს, არც უფიქრია ეკითხა, ისე გაუნადგურა დარგს პერსპექტივა.
მე ხომ ეს დავწერე? წამაკითხეთ წერილობითი დასაბუთება, რატომ არის ქართულ რეალობაში უკეთესი, რომ მაგისტრატურაში ისტორია ორის ნაცვლად ერთ წელიწადს ისწავლებოდეს?
არათუ ასეთი დასაბუთება არ არსებობს, არც არავის უფიქრია რამე დაესაბუთებინა. რომ ყოფილიყო რამე დისკუსია, კამათი ან თუნდაც საუბარი, სადაც მეორე მხარეს რაღაც არგუმენტები ექნებოდა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. აი მე რომ დავჯდე და გადავწყვიტო კარდიოქირურგების განათლების საკითხი მათთან კონსულტაციის გარეშე, ზუსტად ასე ქნეს.




