“უფრო მეტის დაწერაც შემიძლია [ივანიშვილზე] – ზუგდიდის მერი მისალოცი ტექსტის გადაწერას უარყოფს

ზუგდიდის მერმა, დავით კოდუამ და გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე თითქმის იდენტური გზავნილებით მიულოცეს.

ორივე მათგანი მისალოც ტექსტებში წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი განვითარების შესაძლებლობა მისცა.

დავით კოდუა “პირველებთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მან ტექსტი თავად მოიფიქრა და უფრო მეტიც შეუძლია დაწეროს “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე.

მას რომ აქვს გაკეთებული ეგეთი უახლეს ისტორიაში არცერთ ქართველს არ გაუკეთებია. ძალიან ბევრი, დაწყებული კულტურული მემკვიდრეობიდან და დამთავრებული სოციალური მრავალი პროგრამით, მოიარეთ საქართველოს რეგიონები და ყველა ქალაქში ნახავთ მის მიერ განხორციელებულს. 

“TV პირველს” არ ვიცი რანაირი ცუდი ისტორია აქვს, ყველგან, ყველა ქალაქში, რეგიონში ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია და ის ადამიანი აშენებს, აღადგენს და უამრავ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. 

მე არ ვიცი, ეტყობა დაემთხვა [ჩემი და დავით ვერავას ტექსტები], არ ვიცი დავით ვერავას რა უწერია. კი, კი ჩემით მოვიფიქრე და უფრო მეტი შემიძლია დავწერო იმ ადამიანზე. ძალიან ბევრს დავწერდი [კიდევ], ნებისმიერი რაც გაკეთებული აქვს, ჩამობრძანდით ზუგდიდში და განახებთ რეები აქვს გაკეთებული, თუ არ გჯერათ,” – ამბობს დავით კოდუა.