ბრიტანეთის მიერ სანქცირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა იგი ოთარ ფარცხალაძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან გასაუბრების შემდეგ თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს არ იცნობს და მას არასდროს შეხვედრია.
“ჩვენებაში არის საუბარი, რომ მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა, დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც – არასდროს არ შევხვედრივარ, შესაბამისად, არასდროს მქონია მასთან კომუნიკაცია – არც სატელეფონო და არც პირადი.
ამ ჩვენების და ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს, ეს ადამიანი იყო წყნეთის პოლიციის უფროსი. ის სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლება-მოსილების გადამეტების ფაქტზე.
ერთი მხრივ, მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას ალბათ უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი.” – განაცხადა თამაზაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე, მისი გამოძიების პროცესი და დასძინა, რომ დანაშაული მყისიერად გაიხსნა, ხოლო მის ჩაფარცხვაზე საუბარი არაა სერიოზული.
“ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა. დანაშაულის ჩამდენი პირები დანაშაულის ჩადენის დღესვე იყვნენ იდენტიფიცირებულები, მოგვიანებით ისინი დაუსწრებლად მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით 1 თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნილის სტატუსით იყვნენ დაკავებულები. ადვოკატმა მათ დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად, გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.
თუმცა, გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და შესაბამისი მტკიცებულებები იმ ეტაპზეც იყო.
ის პირები, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის წარედგინათ ბრალი, ჩემს მიერ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში სხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყვნენ დაკავებულები – მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, დანაშაულის ჩაფარცხვაზე და მათთვის დახმარებაზე საუბარი მგონი, არასერიოზულია და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ამოწურულია.” – თქვა მან.
20 თებერვალს, კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა.
ადვოკატის განცხადებით, ქვაჭრელიშვილმა თავად გადაწყვიტა ჩვენების მიცემა.
ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ასევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც პოლიციის ყოფილი უფროსი განმარტავს, რომ არაფერი აქვს დასამალი გამოძიებასთან. ასევე წერს, რომ ესმის არ არის უსაფრთხო “იმ ადამიანების სახელების და გვარების ხსენება, რომლებიც ჯერ კიდევ არიან მაღალ თანამდებობებზე”
17 თებერვალს, პროკურატურის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს.
კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.
გურამ და დავით კაკულიები სხვა სისხლისსამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. რაც შეეება ბესარიონ ჟვანიას, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები იმავე წლის 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს.




