დიხამინჯია: ერთმანეთს წლობით ვერ ხედავენ ცოლ-ქმარი, მშობლები და შვილები. ეკონომიკის განვითარებაზე დაგვყვირიან რამდენიმე წელია. ერთი ინიციატივა თუ გახსოვთ, რომ ამ დედებს დახმარებოდნენ საკუთარ სახლში დასაბრუნებლად?

„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია:
წინა კვირას ჩემ ნაცნობ გოგოს, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაშია, პოსტი ედო იმაზე, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები დედების გარეშე. თვითონ უფროსი შვილი 2 წლის წინ ჩაიყვანა და უმცროსის ჩაყვანასაც ცდილობს.
პოსტზეც ხო გული დამეწვა და კომენტარებზე ვიბღავლე.
30 წელია, საქართველოში შექმნილი ოჯახების მესამედი ასე იშლება – ოფიციალური განქორწინების გარეშე – ერთმანეთს წლობით ვერ ხედავენ ცოლ-ქმარი, მშობლები და შვილები.
ისტორიებია – 3, 4, 5 წლის შვილები როგორ დატოვეს დედებმა და წავიდნენ არალეგალურად სხვა ქვეყანაში, საიდანაც მგზავრობის უფლებას მხოლოდ 5-6-7 წლის შემდეგ მოიპოვებდნენ. იმიტომ, რომ შვილებს არ ეშიმშილათ.
ეკონომიკის განვითარებაზე დაგვყვირიან რამდენიმე წელია. ერთი ინიციატივა თუ გახსოვთ, რომ ამ დედებს დახმარებოდნენ საკუთარ სახლში დასაბრუნებლად?
მათ რაოდენობას არავინ ითვლის – მაგრამ რასაც მე ვუყურებ ირგვლივ, ათიათასობით ოჯახია ასე. სულ 23000 ქორწინებაა წელიწადში (2017 წლიდან). როგორ მოიმატებს, რისთვის – რომ აქედან ნახევარმა პირველივე წელი პურის ფულზე და ვალებზე ჩხუბში გაატაროს და მათი ნახევარი 3-4-5 წელიწადში ორ ქვეყანაზე გაიხლიჩოს და ბავშვები ან დედის ლოდინში გაიზარდონ, ან მამის.
და საშუალო შემოსავლის ოჯახები როგორ ცხოვრობენ? სანამ ბაღში გყავს შვილი, ან დამატებით ძიძა უნდა გყავდეს, ან ბებია უვლიდეს, ისეთ დროს უნდა მიიყვანო და წამოიყვანო, სრულ შტატზე ვერ იმუშავებ. სკოლაში გაუშვებ და – უარესი, ან შუადღეს უნდა გამოიყვანო, ან შუადღეს უნდა მიიყვანო, და წინასწარ ისიც არ იცი, მეორე ცვლაში მოხვდება თუ არა. ეგეც, თუ უბანში მოახვედრე, დიდი მიღწევაა, მაგრამ ტროტუარები ისეთ დღეშია და მანქანები ისე დადიან, მეხუთე კლასამდე უბნის სკოლაშიც ვერ გაუშვებ მარტო. არც ავტობუსები ემსახურება სკოლებს. ზაფხულში ან მუშაობა უნდა შეწყვიტოს ერთ-ერთმა მშობელმა, და თუ სოფელში არ ჰყავს ახლო ნათესავები, თბილისის ხვატში უნდა დაახრჩოს ბავშვები – დაბალ ფასად არც საზაფხულო სკოლებია, არც სპორტული ბანაკები. თუ ავად გაგიხდა ბავშვი ან რამე მოიტეხა – ჩემ მტერს, ისეთ შფოთვას დაგმართებენ ჯერ კლინიკაში და მერე სადაზღვევოში.
ამ ქვეყანაში კარგად ცხოვრობს მარტო ტოპ 5%. კიდევ მაქსიმუმ 10% – ნორმალურად. დანარჩენები არიან გაძლებაზე.
რა მსოფლმხედველობა?