„შესაძლოა, უნიკალური ტბა დავკარგოთ – ბაზალეთზე დაჭაობების პროცესი არ ჩერდება, ტბას სჭირდება შველა“ – ნინო ჩხობაძე

„ბაზალეთი არის მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, ეს უნიკალური ტბა საერთოდ დავკარგოთ“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაზალეთის ტბაზე დაწყებულია დაჭაობების პროცესი და საჭიროა გამწვანებითი სამუშაოები. ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ადგილზე არსებული ვითარება გამოიწვია როგორც წყლის არასწორმა გამოყენებამ, ასევე დაბინძურებამ.

„ბაზალეთის ტბა, ფაქტობრივად, ერთი-მესამედით არის შემცირებული და ნაპირებზე ეტყობა კიდეც როგორი მდგომარეობაა. დაჭაობების პროცესი, რომელიც დაწყებულია ბაზალეთზე, არ ჩერდება. ბაზალეთი არის მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, ეს უნიკალური ტბა საერთოდ დავკარგოთ. მიზეზი არის ისევ ადამიანი. ბაზალეთის ტბის დეტალური გამოკვლევა არ გაკეთებულა, მაგრამ რა კვლევებიც ჩატარდა, იმის მიხედვით ჩანს, რომ წყლის არარაციონალურმა მოხმარებამ მიიყვანა ბაზალეთი კატასტროფულ მდგომარეობამდე.

დაჭაობება ერთ-ერთი პროცესია, შემდეგ დაიწყება ტბის კარგვა და ისეთ ზონაში, როგორიც არის აღმოსავლეთ საქართველო, ეს ნიშნავს, რომ ეს ტბა გაქრება. გარშემო არის სულ გაშენებული კოტეჯები და სასტუმროები – ეს ყველაფერი დარჩება ჰაერში, რადგან ჩვენ მივიღებთ „არაფერს“. სანამ დროა, უნდა განხორციელდეს ტბის გადარჩენის პროგრამა. პირველ რიგში, საჭიროა, ზუსტი დადგენა, რამდენი ჭაბურღილი დაამონტაჟეს გარშემო და როგორ ხდება ტბის დაბინძურება. გარშემო არის ბევრი ფერმა და ეს ყველაფერი ჩადის ბაზალეთში.

ჩვენ იქ არ გვაქვს მოწესრიგებული კანალიზაციის სისტემა და არ გვაქვს გაკეთებული, ფაქტობრივად, არაფერი, რაც ბაზალეთს სჭირდება. უნდა გავაკეთოთ გამწვანება, რომ ბაზალეთის ტბა რამენაირად შევინარჩუნოთ. მე არ მსმენია, რომ რაიმე ღონისძიება ჩატარდა, ერთადერთი რაც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მოგვმართა ორგანიზაციის წევრმა, რომ ბაზალეთზე ტყის პატარა მონაკვეთი იყო დარჩენილი და აპირებდნენ გასხვისებას და კოტეჯის ჩადგმას. მაშინ ჩავერიეთ აქტიურად და ვთხოვეთ სატყეო დეპარტამენტს, რომ ეს არ გაკეთებულიყო და არ გასხვისდა, რადგან ტბას სჭირდებოდა ტყის მონაკვეთი.

გარშემო როგორც პირველი, ასევე მეორე ზოლი მთლიანად განაშენიანებულია, რაც კატასტროფის ტოლფასია. ვინც ახლა აპირებს ან იყიდა აგარაკი, მისთვისაც პრობლემა იქნება სამომავლოდ ბაზალეთის ტბის არარსებობა. თქვენ რომ ჩახვიდეთ ახლა ბაზალეთზე, ნახავთ, რომ დაახლოებით 30-40 სანტიმეტრით არის დაწეული, ჩანს ნაპირი სადაც იყო და ახლა რა მდგომარეობაა – ეს თვალსაჩინოა, ტბას სჭირდება შველა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მსოფლიოს დაჭაობებული ადგილების შესახებ რამსარის კონვენციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 1970 წლიდან მოყოლებული გლობალური ჭაობების, მინიმუმ, 22% არის დაკარგული. დანაკარგის ძირითადი მიზეზები სოფლის მეურნეობის გაფართოება, უკონტროლო ურბანიზაცია, სამრეწველო საქმიანობა, კაშხლების, გზების მშენებლობა და კლიმატის ცვლილებაა. ანგარიშის თანახმად, წელიწადში ჭაობები, საშუალოდ, 0.52%-ით იკარგება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2050 წლისთვის შესაძლოა, მსოფლიო ჭაობების კიდევ 20% გაქრეს.