ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველა იმ თვალსაზრისით, რომელიც უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, თავდაცვას, ენერგეტიკას, ეკონომიკას, ვაჭრობას, მინერალებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება –

ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველა იმ თვალსაზრისით, რომელიც უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, თავდაცვას, ენერგეტიკას, ეკონომიკას, ვაჭრობას, მინერალებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება –
გლობალური კრიზისების ფონზე ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველა იმ თვალსაზრისით, რომელიც უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, თავდაცვას, ენერგეტიკას, ეკონომიკას, ვაჭრობას, მინერალებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება. დამოუკიდებელი ევროპა ძლიერი ევროპაა. ძლიერი ევროპა კი უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს ნიშნავს. ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობად არ განიხილებოდა, მაგრამ ეს სრულიად შეიცვალა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მიერ გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ევროპის „გამოღვიძება“ უწოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა იმისთვის, რომ სწრაფად იმოქმედოს, გადაწყვეტილებები არა ერთხმად, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღოს, რათა ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვას გვერდი აუაროს.
ასევე, მისი თქმით, ევროკავშირმა მისი დამფუძნებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო თავდაცვის პაქტი უნდა აღადგინოს.
„საერთო თავდაცვა არასავალდებულო დებულება არ არის. ეს ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს. ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა, რომ აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით დავდგეთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.