გუშინ, პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს 13-დან 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით. კანონპროექტის ავტორები პორტუგალიის მმართველი პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანონმდებლები არიან.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონპროექტი ამჟამად საფრანგეთის პარლამენტშიც განიხილება. იმავე ზომების მიღებას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც.
სოციალური ქსელების 15 წლამდე ასაკის პირებისათვის აკრძალვაზე მზაობა აქვთ საბერძნეთსაც და ესპანეთსაც.
შეგახსენებთ,შარშან ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიაპლატფორმები სრულად აკრძალა. ავსტრალიის მოდელის შესწავლის სურვილი მაშინვე გამოთქვა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც, მათ შორის დანიამ, ახალმა ზელანდიამ და მალაიზიამ.
რაც შეეხება პორტუგალიას, პორტუგალიური კანონპროექტის თანახმად, სოციალური მედიაპლატფორმების გამოსაყენებლად აღნიშნული ასაკის მოზარდებს მშობლების თანხმობა დასჭირდებათ.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, შეზღუდვა საჭიროა ბავშვების კიბერბულინგისგან, ძალადობრივი კონტენტისა და სხვა საფრთხეებისაგან დასაცავად.
კანონპროექტის თანახმად, სპეციალური სისტემის DMK-ის გამოყენებით, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოზარდებს კონკრეტული პლატფორმის გამოყენების უფლება მისცენ. ცნობისათვის, პორტუგალიაში უკვე არსებობს სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვა და ის 13 წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის, ვიდეო- და ფოტოგაზიარების პლატფორმების, ასევე ონლაინ-ბეთინგ საიტების გამოყენებას კრძალავს.
საჭირო იქნება ასაკობრივი ვერიფიკაციის გავლაც კონკრეტული სოცმედიაპლატფორმის გამოსაყენებლად.




