ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას:
“დღეს საპროტესტო საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა რეჟიმთან დებატებში შესვლაზე. აღნიშნულზე მსურს ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომ დებატებში შესვლა არის მცდარი ნაბიჯი და რატომ:
1. ხდება სიტუაციის ნორმალიზება არა იმის ხარჯზე, რომ რეჟიმი დათმობაზე წავიდა, არამედ ფსევდო პლურალიზმის შექმნით – მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანაში არაფერია ნორმალურად, ტოტალური რეპრესიები გუგუნებს და ამ დროს კონსტრუქციულობის მანტიაში გახვეულ ჯალათთან რომ ჩამოჯდები დებატებში, ეს საზოგადოების ფართო ფენებისათვის მიუღებლის ნორმად ქცევის მცდელობაა. შედეგად, ეს ბრძოლის მუხტს კლავს.
2. ცრუ არგუმენტი, რომ თითქოს რეჟიმის დებატებში “მხილება” საზოგადოების ცნობიერებას გაზრდის. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თუ ვინმე ამ ხელისუფლებას მხარს უჭერს. არა იმიტომ, რომ ვერ იაზრებს მის ავ-კარგიანობას, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმი ძლიერია და მისი ეშინიათ. თუ ამ “მხარდამჭერების” გამოცლა გვსურს რეჟიმის კლანჭებიდან, მაშინ დებატებში კი არ უნდა დავუჯდეთ, არამედ უნდა ვაჩვენოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ. უნდა გავიაზროთ, რომ თუ ვინმე პროპაგანდისტულ რიტორიკას აჟღერებს, ეს ხდება არა იმიტომ, რომ უჭირს გააზრება, არამედ თავის ამორალურობას ამ გზით ამართლებს. ასეთი საზოგადოებისთვის მართალი არის ის, ვინც ძლიერია და არა ის, ვინც დებატებში შედის.
3. რეჟიმის ლოგიკა და არგუმენტები რეალობას არის აცდენილი, ნებისმიერ ლოგიკურ კითხვაზე ისინი გიპასუხებენ – “დიფსთეითი”. “დღეს 2020 წელი არ არის 2026-ის” და ა.შ. მათი ერთადერთი არგუმენტი, ნამდვილი არგუმენტი არის ძალის დემონსტრირება და იმის იქით მათ ლოგიკა არ სჭირდებათ. მათ აქვთ ფუფუნება, რომ იყვნენ უტიფრები, რადგან იციან, თუ რაიმე სახის მხარდაჭერა გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ ძალის არგუმენტით. მათთან ან მათ მხარდამჭერებთან ლოგიკურ დავას აზრი არ აქვს.
მიუხედავად ყველაფრისა, დებატების მომხრეთა ლანძღვა-გინება არაფერს არ იძლევა შიდა ერთიანობის სასარგებლოდ. ერთმანეთის ლანძთვა დიდი სარგებელია რეჟიმისთვის, ვიდრე მათთან დებატებში დაჯდომა თუ არდაჯდომა. როდესაც დებატებში შესვლის მომხრეებს კონსტრუქციულად ვაკრიტიკებთ, რომ ამ პროტესტში ფოკუსი ეკარგებათ, თავად არც ჩვენ უნდა დაგვეკარგოს ფოკუსი და რეჟიმის ნაცვლად მათ ლანძღვა-გინებას არ უნდა მოვყვეთ. ჩემი თხოვნა იქნება ერთმანეთის ლანძღვას მოვეშვათ და ვინც დებატებში შედიხართ, იმდენი ქენით, რომ რაიმე სარგებელი მაინც მოუტანოთ პროტესტს, ხოლო ვინც დებატებში არ შედიხართ, ისედაც უამრავი გასაკეთებელია და ამას მივხედოთ.”
ზვიად ცეცხლაძე
13.02.2026




