“410 წლის წინ, ირანში ჩავიდნენ ქართველები, მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ტერიტორიის დაცვაში” – ელჩი

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი პასუხობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გიორგი სანიკიძეს, რომელმაც დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართული მიღების მოსაწვევ კონვერტზე შაჰ აბასის დროს ქართველების ირანში იძულებითი გადასახლება საზეიმო ამბად იყო წარმოჩენილი.
ალი მოჯანის კომენტარს „ნეტგაზეთი“ ავრცელებს:
„ძვირფასო პროფესორო, შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ირანი იყო პირველი ქვეყანა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ გამოსვლაში მოითხოვა კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ირანი იყო ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წლის მაისში სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენთვის პატივია თქვენს წინაშე წარმოვადგინოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტი. საქართველოს, ჩვენს ორ ძვირფას მეზობელ – აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ირანთან ჰქონდა და კვლავაც აქვს ისტორიული, ცივილიზაციური და კულტურული კავშირი. 1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ჩავიდა ქართველების პირველი ჯგუფი. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურასა და ირანის ტერიტორიის დაცვაში. დღეს, ისლამურ საბჭოს მეჯლის ერთ-ერთი წევრია ირანელი ქართველების წარმომადგენელი, რომლებმაც ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა და წარმოადგენენ დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ხიდს ჩვენს ხალხსა და დღევანდელ საქართველოს შორის”, – წერს სეიედ ალი მოჯანი.