საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ფორმულასთან BBC-ის სპიკერმა თქვა:
“საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ”.
შალვა პაპუაშვილმა 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ჯერ თავად მედიას მიმართეს.
მისივე თქმით, “თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს”.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საჩივრით ოცნება ითხოვს:
- ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
- ბიბისის მხრიდან მკაფიო და საჯარო ბოდიშის მოხდა, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.




