საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალის, ფინედუს (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით, ასევე, “საქართველოს ბანკის” ჩართულობითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტრენინგი – “როგორ ვმართოთ ემიგრაციაში გამომუშავებული ფული უფრო ეფექტურად” – ჩატარდება.
ტრენინგი მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრთა ინფორმირებას მათთვის ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის სწორად და ეფექტურად მართვა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და დამატებითი შემოსავლების შექმნის მიზნით, თანხების სწორად ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, ამ მიმართულებით არსებული რისკები და შესაძლებლობები.
ტრენინგს ეროვნული ბანკისა და “საქართველოს ბანკის” სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლები წარუძღვებიან. დეტალური ინფორმაცია და ტრენინგზე რეგისტრაცია დაინტერესებული პირებისთვის შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლების აქტივობები ხელს უწყობს მიგრანტებს, მიიღონ მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და უფრო ეფექტურად გამოიყენონ ემიგრაციაში გამომუშავებული თანხები.
კვლევებით დასტურდება, რომ ქართველ მიგრანტთა უმრავლესობა, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უგზავნის ოჯახს ფულს/დანაზოგს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მთლიანად დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე, ისინი როგორც წესი, ნაკლებად ისახავენ ფინანსურ გეგმებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრანტთა უმეტესობას არ აქვს საბანკო ანგარიში გახსნილი არც საქართველოში და არც იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. საბოლოოდ კი ხშირ შემთხვევებში, მიგრანტების ოჯახების მდგომარეობა წლების განმავლობაში არ უმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2023 წლიდან კი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტით რამდენიმე ახალი მიზნობრივი სეგმენტი განისაზღვრა, მათ შორის, მიგრანტები.
ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, მიგრანტთა ფინანსური განათლების ამაღლებით დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები, შემოთავაზებები, კომენტარები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნულის გაზიარება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].