მთავრობა საერთაშორისო მნიშვნელობის გზებიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობების შეზღუდვას გეგმავს

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.
ახალი რეგულაცია მომზადებულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.
საქართველო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალური გზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და საერთაშორისო კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.
რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია. მათ შორისაა თბილისი–სენაკი–ლესელიძე, სენაკი––სარფი, თბილისი–წითელი ხიდი, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი, მარნეული–სადახლო, თბილისის შემოსავლელი და სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთი. ეს მიმართულებები ქვეყნის ეკონომიკურ და საერთაშორისო კავშირებში სტრატეგიულ როლს ასრულებს, ხოლო მათი უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება საქართველოს სატრანსპორტო სისტემის განვითარების საფუძველია.
გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
ახალი რეგულაცია წარმოადგენს სისტემურ ნაბიჯს თანამედროვე ინფრასტრუქტურული მართვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ემსახურება როგორც საგზაო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო მაგისტრალების თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას