საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე – ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market – CIBM) წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა.
ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების ზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული, როგორც ვალუტების, აგრეთვე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის კუთხით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს რეზერვების მართვის დივერსიფიკაციას. ასევე ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზრო გარემოსა და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული ახალი ბაზრების ათვისება“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში საკუთარ გამოცდილებას კერძო და საფინანსო სექტორს გაუზიარებს, რათა ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ჩინეთის ფასიან ქაღალდებში განთავსებული არ ყოფილა. არსებული მდგომარეობით, სებ-ის $6.3-მილიარდიანი რეზერვების უდიდესი ნაწილი აშშ დოლარში ნომინირებულ აქტივებშია განთავსებული, ასევე თანხა განთავსებულია მონეტარულ ოქროში; ევროში; SDR-სა და კანადურ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში.
bm.ge




