“ლელოსთვის” პრიორიტეტი პროცესის დაზიანება და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობაა – მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რომ “ლელოსთვის” პრიორიტეტი პროცესის დაზიანება და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობაა.
მისი თქმით, “ლელოს” წარმომადგენლებს შეეძლოთ მისულიყვნენ შეხვედრაზე და დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები და იდეები, თუმცა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი ინტერესები დააყენეს.
“რეალურად, შეხვედრა შედგა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ფაქტობრივად, გაჩნდა შესაძლებლობა ყველას დაეფიქსირებინა ის, რისი თქმის სურვილიც ჰქონდა. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რამ შეუშალა ხელი “ლელოს” წარმომადგენლებს, რომ შეხვედრაზე მოსულიყვნენ და ესაუბრათ თითოეულ იმ იდეაზე, რომელიც შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ. სინამდვილეში, ყველასთვის ნათელია, რომ “ლელოსთვის” პრიორიტეტი გახლავთ პროცესის დაზიანება, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობა, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “ლელო” ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება.