ოთხშაბათს, 11 თებერვალს ეუთოს ფარგლებში 20-ზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მუშაობა დაიწყო საექსპერტო მისიამ საქართველოსთან დაკავშირებით.
„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტების მისიამ საქართველოზე დღეს დაიწყო მუშაობა“, – იუწყება ეუთო სოციალურ ქსელ X-ზე.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „ნებისმიერი რელევანტური ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია 24 თებერვლამდე“, – შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება 2026 წლის 29 იანვარს მიიღო ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ.
დღეს სწორედ მათმა წარმომადგენლებმა მიავლინეს „საექსპერტო მისია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საქართველოში“.
ეს არის „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, – კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
„უნდათ მოსკოვის მექანიზმი ჩართონ, უნდა რუსული მექანიზმი“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამ გადაწყვეტილებას.
„კი ბატონო, აამოქმედონ… ჩვენ ვისი, რომელი ჯგუფის და რომელი რევიზორის შეგვშინებია?“ – განაცხადა მან.
ფაქტების დამდგენმა მისიამ უნდა წარმოადგინოს „ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები“. სხვა საკითხებთან ერთად, მისი ამოცანა იქნება:
· „ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება“;
· „შეფასება ამ მოვლენების გავლენისა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, – რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ განმარტებას ეფუძნება“;
· „შემაშფოთებელი საკითხების მოგვარების მიზნით რეკომენდაციების გაცემა“.




