ოთხშაბათს ვაშინგტონში მოლაპარაკებები გაიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ტრამპის თქმით, მან ნეთანიაჰუს შეატყობინა, რომ ირანთან მოლაპარაკეები გაგრძელდება, რათა სცადონ შეთანხმების მიღწევა.
მოელოდნენ, რომ ნეთანიაჰუ ტრამპზე ზეწოლას განახორციელებდა, რათა ირანთან მოლაპარაკეები გასცდეს თეირანის ბირთვულ პროგრამას და მოიცვას ირანის სარაკეტო არსენალზე ლიმიტის დაწესება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მას შემდეგ, რაც ტრამპი მეორე ვადით დაბრუნდა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეს ორი ლიდერის მეშვიდე შეხვედრაა. მიმომხილველთა აზრით, შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკეების შემდეგ რაუნდზე. ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის მოლაპარაკებები თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
დონალდ ტრამპი ირანს დაემუქრა, რომ მასზე იერიშს მიიტანს, თუკი შეთანხმება არ იქნება მიღწეული. თეირანმა განახადა, რომ დარტყმითვე უპასუხებს აშშ-ს, რამაც რეგიონში ფართო მასშტაბის ომის შიში გააჩინა.
სამშაბათს მიცემულ ინტერვიუებში ტრამპმა გაიმეორა თავისი გაფრთხილება და იმედი გამოთქვა, რომ ირანს სურს გარიგება. მაგრამ დასძინა, რომ მკაცრ ზომებს მიმართავს, თუ თეირანი უარზე იქნება.
ნეთანაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა სოცმედიაში დაწერა: „არაფერი კონკრეტულისთვის არ მიგვიღწევია გარდა იმისა, რომ მე მოვითხოვე, ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შეიძლება თუ არა გარიგების მიღწევა.“
Reuters-ის თანახმად, ისრაელი შიშობს, რომ აშშ-მა შესაძლოა მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე მიაღწიოს ირანთან გარიგებას, რომელიც არ მოიცავს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და თავისი მოკავშირეების, ჰამასისა და ჰეზბოლას დახმარებას.
სააგენტოს წყაროს თანახმად, ვარაუდობენ, რომ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ იმსჯელეს სამხედრო მოქმედებების შესახებ, იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან დიპლომატიური გზით მორიგება არ მოხერხდება.




