„ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე რუსეთთან შედარებით 20%-ით უფრო ძვირად იყიდება“ – Gonadze Vineyards(bm.ge)

ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე რუსულ ბაზართან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით უფრო მაღალ ფასად იყიდება. ამის შესახებ BM.GE-სთან რაჭაში მდებარე მეღვინეობის Gonadze Vineyards-ის თანადამფუძნებელმა, ზვიად გონაძემ, ექსპორტზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანიას ამ ეტაპზე, ღვინო 12 ქვეყანაში გააქვს, საიდანაც ძირითადი მოცულობა ევროპის ბაზრებზე გადის. ამასთან, Gonadze Vineyards-ის ღვინო წარმოდგენილია აშშ-ს ბაზარზეც. გასულ წელს კი, კომპანიამ პირველი საექსპორტო აქტივობა იაპონიისა და კორეის ბაზრებზეც განახორციელა.
როგორც ზვიად გონაძე განმარტავს, კომპანიის გაყიდვებში ექსპორტს მნიშვნელოვანი წილი უკავია. მისი თქმით, საექსპორტო მიმართულება მთლიან რეალიზაციაში 60-70%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა თუ ქსელურ მარკეტებში იყიდება.
“ჩვენ ექსპორტს 12 ქვეყანაში ვახორციელებთ და გაყიდვებში ძირითადი წილი სწორედ ექსპორტზე მოდის – მისი წილი მთლიან რეალიზაციაში 60-70%-ს შეადგენს. მოთხოვნის მხრივ, კვლავ ნახევრად ტკბილი ღვინოები ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი ღვინოების მიმართულებითაც ვმუშაობთ. როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ნახევრად ტკბილი ღვინოები ჭარბობს”, – თქვა მეღვინემ.
რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, გონაძის შეფასებით, 2024 წელი მაღალი ზრდით ხასიათდებოდა , ხოლო 2025 წელს, კომპანიამ მინიმალური ზრდა დააფიქსირა : “2024 წელს, გაყიდვები 40%-ით გაგვეზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდა მხოლოდ 5-6%-ს შეადგენდა. 2026 წელს კი, დიდი ზრდის მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან მსოფლიოში ღვინის მოხმარება შემცირებულია”, – ამბობს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო