16-წლიანი პატიმრობა მელის, იმაზე მეტი, ვიდრე პედოფილებს — სააკაშვილი სასამართლოში

სასამართლოში ე.წ. წინასასამართლო სხდომა იმართება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმეზე, თითქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საბაბით.
საუბარია, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან , , , , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, და ბადრი ჯაფარიძე. თუმცა სხდომას მელია, ხოშტარია და ხაზარაძე არ დასწრებიან.
ვრცელი სიტყვით ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა, ითხოვა, რომ არ შეეწყვეტინებინათ და შემდეგ დარბაზი დატოვა.
„ჯერ ერთი, მიხარია ყველას ნახვა, ვინც გაჭირვებით შემოგიშვეს. დიდი პატივია, ამ ძალიან ღირსეულ ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა. ყველასთვის გასაგებია, რისთვის ვარ ციხეში. ვარ იმისთვის, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი და არ ვისარგებლე შეთავაზებით, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. ჩემს ხალხთან და თანამებრძოლებთან ერთად შევქმენით სახელმწიფო, ვარ უკრაინის მოქალაქე და უკრაინისთვისაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთე.
აქ არიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსული მოვლენების ერთიან შეფასებაში, მაგრამ შეუძლებელია, ვერ ვთანხმდებოდეთ, რა უნდა იყოს მომავალი. იმდენად პატარაა ჩვენი განსხვავებები დიდ გამოწვევასთან შედარებით, რომ სწორედ ასეთი ერთიანობით გავალთ სამშვიდობოს.
სიტუაცია არის მარტივი. ეს რეჟიმი სარგებლობს ჩვენი შიშით. რუსები იძახიან, შეეგუეთ ამ რეალობას, მიღეთ ეს სიტუაცია, დაგვემორჩილეთ, შეეგუეთ მონობას. ჩვენი პასუხია მარტივი, არაფერსაც არ შევეგუებით,
ყველას აქვს სისუსტის მომენტები. როცა სიკვდილის პირას ვიყავი საავადმყოფოში, იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, ჩამოვშორდი პროცესებს, ჩემი პარტია თითქმის გაიხლიჩა და ბევრი ცუდი რამ მოხდა. მივხვდი, არ შეიძლება არცერთი წუთით მოდუნება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
გაერთიანება გარდაუვალია. გაცილებით მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში არიან. მართალი გითხრათ გარკვეული სიამოვნებაც მივიღე ამ შოუთი, რაც აქ იმართება. მადლობა ამისთვის. ამას ტელევიზორში ვერ ვნახავდი.
მე მიმატებენ დამატებით სასჯელს, 3 წელს, მექნება 16 წლამდე. იმაზე მეტი, ვიდრე პედოფილებს უსჯიან. ვერასდროს უნდა ვნახო ჩემი შვილები. ვერასდროს უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე.
ამ ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში. საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და იმის მერე ვერ ვიტან ზღვის ამ ცხოველს. გაითვალისწინეთ, დამესიზმრა, სოლოლაკის აღმართს მივუყვებოდით, დავიჭირეთ ზვიგენი, კი იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, მოვჭერით ბაობაბები, გავაჩაღეთ კოცონი და ეს ზვიგენი ზედ შევწვით, მერე მთელი სოლოლაკის მოსახლეობა დავპატიჟეთ ამ ფართიზე.
უნდა მივხვდეთ რა იდიოტიზმში და აბსურდში ვცხოვრობთ. ამის იქით რაღა არის საერთოდ. ჩვენ უნდა ვერთიანდებოდეთ არამარტო სასამართლოში, არამედ ყველგან, ქუჩაში, აუდიტორიებში, მოედნებზე.
ჯერ ქვეყანა და მერე საკუთარი თავი ან რომელიმე პარტია, პირადი ამბიციები, ყველა დანარჩენი ძველი წყენა და ახალი კინკლაობა.
გვთავაზობენ ავირჩიოთ ჩვენს ქვეყანასა და თავისუფლებას შორის. არჩევანი მარტივია. საქართველო აუცილებლად გადარჩება, რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენოს დიქტატურამ, მაინც გავანგრევთ, გავალთ სამშვიდობოზე და დავადგებით სწრაფი განვითარების გზას. ყველაფერი კარგად იქნება.
ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, კალათბურთი მაქვს სათამაშო“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა.