კალაძე: აუდიტი თანმიმდევრულად ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება

თბილისის მერმა კახა კალაძემ “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
ის ამბობს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოძიება 2023 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხება და ამტკიცებს, რომ თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყვების ყველა სამსახურს, ამოწმებს და – “თურაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”.
“აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კალაძემ.
***