მიიღეს ადეკვატური და ჭკვიანური გადაწყვეტილება, რასაც მივესალმები. შეეშალათ, ადამიანები ვართ, გვეშლება და თუკი გამოსწორება შეგვიძლია, ეს უკვე გამარჯვებაა , – ასე ეხმაურება სტუ-ს პროფესორი, ირმა ირემაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.
პროფესორი აცხადებს, რომ მთავრობამ თავიდან დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიღო, თუმცა ახლა „დემოკრატიული და ჭკვიანური“ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„დაუფიქრებლად გააკეთეს, შემდეგ დაფიქრდნენ და ალბათ, გაიზიარეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანების, თავისივე ამომრჩევლების აზრი და მიიღეს ადეკვატური და ჭკვიანური გადაწყვეტილება, რასაც მივესალმები. შეეშალათ, ადამიანები ვართ, გვეშლება და თუკი გამოსწორება შეგვიძლია, ეს უკვე გამარჯვებაა.
გილოცავთ ამ გამარჯვებას, თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ გამარჯვებას. უნივერსიტეტი არის საქართველოს მომავალი, ეს იქნება თსუ, სტუ, რომელი უნივერსიტეტიც არ უნდა იყოს. უნდა იყოს კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტების სივრცე, სადაც აღიზრდებიან კონკურენტუნარიანი სტუდენტები და პროფესიონალები“, – განაცხადა ინფორმატიკის ლექტორმა, ია ირემაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა. დღეს, 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს რექტორთან და პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.




