პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე კაცი დააკავეს

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდეგაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა მისი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები.
გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებული დაზარალებულს ასევე აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით.
დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წარედგინა:
· პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება;
· პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება;
· კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულს უკვე შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.