პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით შანტაჟის გამო ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთ პირი დააკავეს.
პროკურატურა იუწყება, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდგომაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, ასევე სახელის გამტეხი და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით, დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.