მუქარა ცივი იარაღით და სექსუალური ძალადობა 16 წლის ბიჭზე – რა ახალი დეტალები გაარკვია “კურიერმა”

“კურიერმა” გაარკვია, რომ 51 წლის კაცი, თავდაპირველად, 16 წლის მოზარდს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა. როგორ და რა ფორმით დაითანხმა და აიძულა მოზარდი შეხვედრაზე მისულიყო, დეტალები გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გაირკვევა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წელის მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა 51 წლის კაცი 25 იანვარს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
51 წლის კაცს მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად დღის ბოლოს წარუდგინეს. ბრალის წარდგენის პროცესს ესწრებოდა დაკავებულის ადვოკატიც. მარიამ ინდუაშვილი დღეს პირველად შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს. დაკავებული ამ დრომდე მცხეთაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, წარდგენილ ბრალდებაში, არცერთ ეპიზოდში, არცერთ მუხლში, თავს დამნაშავედ არ ცნობს და პირიქით, იგი მოუწოდებს პროკურატურას, საგამოძიებო სამსახურს, რომ რაც შეიძლება მალე დაადგინონ რეალური პიროვნება, ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა.“ – განაცხადა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში. მასთან სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. არასრულწლოვანის ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით, საჭიროებების შესაბამისად, დამატებითი ღონისძიებები გაგრძელდება.
51 წლის კაცს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით გათვალისწინებულ ბრალს ედავება. ძალისმიერი მეთოდებით სექსუალური კავშირის დამყარება 20 და მეტი წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაშურის რაიონული სასამართლო არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.