თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წყნეთის პოლიციის მე-4 სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
ბრალდების თანახმად, სამმართველოს უფროსმა რუსეთის მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
გამოძიების ინფორმაციით, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება) გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და ვითომდა ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით), ხოლო მის მოადგილეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.