თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია ეხმაურება სტუდენტების მიერ ადმინისტრაციის დაკავებას და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი „არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდებით ქმედებები“.
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დემონსტრანტი სტუდენტების მოთხოვნა და აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას საკითხი განიხილებოდა.
„არცერთ თქვენგანს არ შეხვედრიან ეს ახალგაზრდები. მესმის, რომ ამოწურულიყო ყველანაირი რესურსი, – გამართლება არა აქვს სივრცეებში შეჭრას… სურვილიც არ ყოფილა საუბრის. გვინდა ასე და ასე უნდა იყოსო“, – განუცხადა სამუშიამ უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში შეკრებილ პროფესორებს.
„პატივი ეცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციებს და პატივი ეცით მის პროფესურას“, – განაცხადა მან.
სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამბიციაა „შევქმნათ თანამედროვე უნივერსიტეტი“, მაგრამ „წესრიგით, საუნივერსიტეტო ეთიკის დაცვით“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი, ტატო ჩანგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტუდენტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შემოუერთდეს მისივე ლექტორის, დაკავებული აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ, სანამ მას, თანამოაზრესთან, ილიაუნის დოქტორანტ გიორგი ხასაიასთან ერთად, არ გაათავისუფლებენ.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი – სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაწერეთ კომენტარი
