გივი მიქანაძე – ჩვენი აქცენტია, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული შენობები შენარჩუნდეს არა მხოლოდ იერსახის თვალსაზრისით, არამედ იქ გაგრძელდეს სასწავლო პროცესიც

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის აუცილებელ სტანდარტებს.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ გამოწვევიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას ორი საგანმანათლებლო ჰაბი – თბილისში და ქუთაისში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა ფაკულტეტი განთავსდება.
„კონცეფციის მე-7 გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, რიგ შემთხვევებში კი ამორტიზებული და ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ორი ჰაბი – თბილისი და ქუთაისი. ამ ჰაბებში სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა ფაკულტეტი იქნება თავმოყრილი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია დაგეგმარებითი პროცესები თბილისსა და რუსთავს შორის, ასევე ქუთაისში, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.
„ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამედროვე აუდიტორიებს, არამედ იმ პრობლემის მოგვარებასაც, რომელიც დღეს არსებობს – აკადემიურ პერსონალს არ აქვს საკუთარი სამუშაო სივრცე. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი კაბინეტი. მაღალანაზღაურებადი აკადემიური პერსონალი უნდა იყოს მიბმული კონკრეტულ უნივერსიტეტზე და თავისი ცოდნა და გამოცდილება მისი განვითარებისკენ მიმართოს“, — აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემდეგ გარკვეული შენობების საჭიროება აღარ იარსებებს, თუმცა დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული კორპუსები შენარჩუნდება.
„ჩვენი აქცენტია, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული შენობები შენარჩუნდეს არა მხოლოდ იერსახის თვალსაზრისით, არამედ იქ გაგრძელდეს სასწავლო პროცესიც, შესაბამისად, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. ის, თუ რომელი კორპუსები შენარჩუნდება და რომელზე მიიღება პრივატიზების გადაწყვეტილება, შემდგომი განხილვის საგანია“, — განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გაუგებარია ძველი შენობების შენარჩუნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მათ ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ და სახელმწიფო სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
“სრულიად გაუგებარია რატომ უნდა გინდოდეს ძველი შენობის შენარჩუნება, რომელსაც არანაირი ისტორიული ფასეულობა არ აქვს, მაშინ, როდესაც სახელმწიფო გთავაზობს სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურას”,- განაცხადა მინისტრმა.